აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუბიო კობახიძეს ესაუბრა

მარკო რუბიო და ირაკლი კობახიძე - ფოტოილუსტრაცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურს ესაუბრა.

კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა განაცხადა:

„დღეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ იმსჯელეს ორმხრივი ინტერესის სფეროებზე, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ჩათვლით“.

საუბრის შესახებ მოკლე ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტმა მიაწოდა.

ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მას ჰქონდა ნაყოფიერი საუბარი.

„ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ერთგულნი ვართ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, - აცხადებს კობახიძე.

მარკო რუბიო და „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთს პირისპირ თებერვალში მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე ყოფნის დროს შეხვდნენ.

„მარკო რუბიო მომესალმა“, - თქვა მოგვიანებით მიხეილ ყაველაშვილმა.

ეს საკითხი მან 8 თებერვალს „იმედის“ ეთერში განავრცო:

„პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ, ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ, ყველაფერი გააანალიზონ და სათანადო, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება, ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა, გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი“.

საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა

2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში.

ასევე ნახეთ 33-წლიანი ურთიერთობის აშენება "ნულიდან"? რა გზავნილები ჩამოაქვს დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდან

26 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება.

„ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ...

ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან... იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის ერთადერთ კრიტერიუმს ასახელებს