ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი

საილუსტრაციო ფოტო. ან-26 ტიპის რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის საშუალო მანძილზე ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ან-26. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავში მყოფი 29 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა.

თვითმფრინავთან კავშირი 31 მარტს საღამოს გაწყდა. 1 აპრილს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათისთვის რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა კატასტროფის რაიონი აღმოაჩინა და ადგილიდან მიღებული ცნობით, „დაიღუპნენ ეკიპაჟის 6 წევრი და ბორტზე მყოფი 23 მგზავრი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ან-26(Ан-26) ტიპის თვითმფრინავებს იყენებს სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის საშუალო მანძილზე ტრანსპორტირებისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყირიმში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე დარტყმა არ ყოფილა და კატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.

განახლება: 1 აპრილს, დღისით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოკლე ცნობა, რომ კატასტროფის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფრენის, ან მისთვის მომზადების წესების დარღვევის მუხლით. კომიტეტის ამ ინფორმაციიდან გაირკვა, რომ დაიღუპა არა 29, არამედ 30 ადამიანი - „ეკიპაჟის 7 წევრი და 23 მგზავრი".

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა „ტასმა“ და „რია ნოვოსტიმ“ კატასტროფის „ადგილზე მყოფ წყაროზე“ დაყრდნობით დაწერეს, რომ თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.