ლიბანში მყოფი საფრანგეთის სამშვიდობო ძალები „მიუღებელი დაშინების“ სამიზნე არიან - მინისტრის მოადგილე

UNIFIL-ის ესპანელი წევრები. ლიბანი, 2024 წლის 8 ოქტომბერი (საილუსტრაციო ფოტო)

ფრანგი სამშვიდობო ძალების ჯარისკაცები, რომლებიც ლიბანში არიან განთავსებული, „აბსოლუტურად მიუღებელი დაშინების“ მსხვერპლი გახდნენ, განაცხადა ოთხშაბათს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, - იტყობინება Reuters-ის სააგენტო.

ინდონეზიამ გაეროს მოუწოდა, ჩაატაროს გამოძიება სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად გაეროს სამშვიდობო მისიის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში (UNIFIL) სამი წევრის დაღუპვის საქმეზე.

„ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ ინდონეზიელებს. მინდა სოლიდარობის გზავნილი გადაეცეს ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც სრულიად მიუღებელი დაშინების სამიზნეები გახდნენ“, - განაცხადა ალის რუფომ პარიზში „ომისა და მშვიდობის“ კონფერენციაზე, ლიბანიდან დაბრუნებიდან ერთი დღის შემდეგ.

დიპლომატების თქმით, 28 მარტს ფრანგულ ძალებსა და ისრაელის სამხედროებს შორის სამი ინციდენტი მოხდა.

ლიბანის სამხრეთში, ისრაელის საზღვართან გაეროს დროებითი ძალები(UNIFIL) უსაფრთხოების საბჭოს მიერ 1978 წლის მარტში მიღებული რეზოლუციის საფუძველზე იმყოფებიან.

პირველ ეტაპზე მისიის ძირითადი ფუნქცია იყო ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჯარების გასვლის მონიტორინგი მას შემდეგ, რაც ისრაელის ტერიტორიაზე დაჯგუფება „ფათჰის“ თავდასხმას და დიდ მსხვერპლს მოჰყვა ლიბანის სამხრეთში ისრაელის ოპერაცია. ისრაელს მიზნად გამოცხადებული ჰქონდა ჩრდილოეთ რაიონების დაცვა ლიბანში მოქმედი პალესტინური და სხვა რადიკალური დაჯგუფებებისგან.

გაეროს მისიის მანდატი ითვალისწინებს ლიბანის სამხრეთში მშვიდობის აღდგენასა და ქვეყნის ამ ნაწილზე ლიბანის მთავრობის კონტროლის უზრუნველყოფასაც.
2026 წელს, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებების შემდეგ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ UNIFIL-ის მანდატი გააფართოვა. შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, ისრაელთან მოსაზღვრე ზონაში გაეროს სამშვიდობო ძალებთან ერთად უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ ლიბანის არმია. მიუხედავად ამისა, ჰეზბოლა ამ ტერიტორიაზე რჩებოდა, რის გამოც ისრაელი გაეროს მისიას მანდატის დარღვევაში ადანაშაულებდა.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ 2025 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებით, UNIFIL-ი, რომლის შემადგენლობაში 10 000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირია, ლიბანის სამხრეთში მისიას 2026 წლის ბოლოს დაასრულებს.