Reuters-ის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაცია „როსატომი“ ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან 200-ზე მეტი თანამშრომლის ევაკუაციას გეგმავს ამ კვირაში, განაცხადა „როსატომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა, სახელმწიფო ტელევიზია „როსია 24-ის" ეთერში.
ლიხაჩოვის თქმით, ქარხანაში „როსატომის“ 50-მდე თანამშრომელი დარჩება, ყველა მათგანი მოხალისეა.
ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია უკვე მოხდა. სადგურის არეალი ორჯერ დაიბომბა 28 თებერვალს ირანში ომის დაწყებიდან.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 18 მარტს დაადასტურა, რომ ირანში, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 350 მეტრში მდებარე ნაგებობას ჭურვი მოხვდა და განადგურდა.
IAEA-ის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, რეაქტორი არ დაზიანებულა და პერსონალი არ დაშავებულა.