პრორუსი დეპუტატი ხელმძღვანელობს საქართველოში მოლდოვიდან ჩამოსულ მეგობრობის ჯგუფს

ბოგდან ცირდეა

პარლამენტის წევრებთან შეხვედრებისთვის მოლდოვიდან მეგობრობის ჯგუფი ჩამოვიდა, რომელსაც პრორუსი დეპუტატი, „სოციალისტური პარტიის“ წევრი, ბოგდან ცირდეა ხელმძღვანელობს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მოლდოვის ყოფილმა პრორუსმა პრეზიდენტმა, ამავე პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა.

დოდონმა „ფეისბუკში“ დაწერა, რომ მოწვევა ქართული მხარისგან მიიღეს.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა, ღონისძიება, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის პარლამენტთაშორისი დიალოგის გაძლიერებას აღნიშნავს. დელეგაციის დღის წესრიგში ასევე შედის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანია მოლდოვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება საერთო ინტერესის სფეროებში, მათ შორის საპარლამენტო განზომილებაში“, - აცხადებს დოდონი.

ასევე ნახეთ

კრემლის მომხრე მოლდოველი ოპოზიციონერი დოდონი ქვეყანას „საქართველოს ბედს“ უსურვებს

ის დელეგაციის შემადგენლობას ჩამოთვლის:

  • დელეგაციის ხელმძღვანელია დოდონის თანაპარტიელი, „სოციალისტური პარტიის“ დეპუტატი ბოგდან ცირდეა;
  • ამავე პარტიის დეპუტატი პეტრუ ბურდუია;
  • თავმჯდომარე ფრაქციისა „დემოკრატია სახლში“ ვასილე კოსტიუკი;
  • ფრაქცია „ალტერნატივას“ ვიცე-პრეზიდენტი ოლგა ურსუ.


სამივე პარტია მოლდოვის ხელისუფლების ოპოზიციაშია:

  • „ეროვნული ალტერნატიული მოძრაობა“ 2021 წელს დაარსდა. პარტია აცხადებს, რომ აქვს „ევროპული ტიპის სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია“;
  • „დემოკრატია სახლში“ 2011 წელს დაფუძნდა. პარტიის ხელმძღვანელმა 2025 წელს ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე თქვა, რომ „ჩვენ თავს ვაცხადებთ პროევროპული ოპოზიციად, პროევროპული მთავრობის წინააღმდეგ“.

ორგანიზაცია watchdog.md-ის თავმჯდომარე ვალერიუ პაშა აქვეყნებს საქართველოში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგის ფრაგმენტს, წევრთა ჩამონათვალში არ შედიან მოლდოვის ხელისუფლებაში მყოფი „მოქმედებისა და სოლიდარობის“ (PAS) პარტიის წევრები, თუმცა არის მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი დოდონი.

„სირცხვილი და სრული იმედგაცრუებაა, თუ შეიცვალა საქართველო რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, ავტორიტარული მმართველობის პირობებში!

მოლდოვასთან ურთიერთობების იმიტაციის მიზნით, მათ მოიწვიეს მოლდოვის პარლამენტიდან რუსი კონსერვატორების დელეგაცია. მას ხელმძღვანელობს კრემლის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური პროპაგანდისტი მოლდოვაში, ბოგდან ცირდეა.

წევრთა უმრავლესობა ღიად პრორუსი სოციალისტია, ხოლო დანარჩენები - კრემლის „კონსერვატორები“, რომლებიც თავს პროევროპელებად ასაღებენ“, - წერს ვალერიუ პაშა „ფეისბუკში“.

საქართველო-მოლდოვის მეგობრობის ჯგუფში საქართველოდან პარლამენტის ექვსი დეპუტატი შედის, ყველა მათგანი ხელისუფლებაში მყოფ პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

მოლდოვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი.

ჯგუფის ხელმძღვანელია ისკო დასენი. მას ოფიციალური შეხვედრები დღეს, 2 აპრილს აქვს დაგეგმილი. რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ინიციატორი მოლდოვური მხარე იყო, ისინი კი დათანხმდნენ:

„ეს ჩვეულებრივი რეჟიმია. ყველა ქვეყანასთან არის მეგობრობის ჯგუფები. ჩვენ ორივე ქვეყანას გვინდა ევროპაში შესვლა. მიმაჩნია, რომ არ არის ცუდი ნაბიჯი“.

რადიო თავისუფლებას შეკითხვას, ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო თუ არა მმართველი გუნდი, ისკო დასენმა ასეთი პასუხი გასცა:

„რა თქმა უნდა, მე ჩემი ინიციატივით არ გამიკეთებია. მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ თუ სურთ ჩამოსვლა, ჩამოვიდნენო. ეს არის მეგობრობის ჯგუფი - ეს არ არის პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი“, - ამბობს ის.

ისკო დასენი ასევე ვკითხეთ, მოლდოვიდან ჩამოდის თუ არა რომელიმე ის დეპუტატი, რომელიც სახელისუფლებო პარტიას წარმოადგენს.

„ეს საკითხი ჩვენც დავაყენეთ. კი, აუცილებლად იქნებიანო... დღეს შეხვედრის შემდეგ, ვინც მოვა, იმათ სიას ჩაგიგდებთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.