ისევ ვერ დასრულდა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა აშენებულიყო

18-მეტრიანი ავტობუსი

დედაქალაქის მერია ხაზებზე ისევ ვერ ანაწილებს ყველა იმ 18-მეტრიან ავტობუსს, რომელთა შესაძენადაც მილიონობით ლარი დაიხარჯა. მიზეზი უცვლელია, ავტობაზა, რომელიც ახალ მუნიციპალურ ტრანსპორტს უნდა მოემსახუროს, ვერც გადაწეულ ვადაში დასრულდა.

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ხელშეკრულების ვადის გადაწევა მაინც გახდება საჭირო.

ავტობაზის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ ექვსი თვით გადაიწია და ორ წლამდე გახანგრძლივდა. საბოლოოდ, ხელშეკრულება 2026 წლის 31 მარტამდე იყო გაგრძელებული, თუმცა არც ეს დრო აღმოჩნდა საკმარისი.

ავტობაზას 60-მილიონიანი ხელშეკრულებით შპს Construction Service აშენებს.

ასევე ნახეთ

18-მეტრიანი ავტობუსები მერიას გადასცეს, თუმცა ჯერ ხაზებზე ვერ ანაწილებს

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი დაჯდა, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი. მერიამ დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იყიდა.

ახალი ავტობუსები გადანაწილებულია შემდეგ ხაზებზე:

  • N301 (წმინდა ბარბარეს უბანი - პოლიტკოვსკაიას ქუჩა);
  • N302 (დიდი დიღომი - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი);
  • N305 (აფრიკა - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი);
  • N306 (წმინდა ბარბარეს უბანი - დიდი დიღმის IV მკრ);
  • N308 (გლდანი - კოლმეურნეობის მოედანი);
  • N310 (ვარკეთილი - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი);
  • N314 (დიდი დიღომი - კოლმეურნეობის მოედანი).

ავტობუსებს აქვს 43 დასაჯდომი ადგილი და იტევს 162 მგზავრს. მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ-ია. აქვს wifi 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, usb-დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.