„ძალიან მტკივა გული“ - ნინა დრამა საქართველოში მიუსაფარი ძაღლების ბედზე

ნინა დრამა, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოს სტუმრობდა, ვიდეომიმართვას ავრცელებს და მიუსაფარ ძაღლთა ფონდის დაარსებაზე ფიქრობს.

ცნობილი ამერიკელი „ინფლუენსერი“ და მოდელი ნინა დრამა, - რომელიც ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლებთან, მათ შორის მერაბ დვალიშვილთან, - საქართველოში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.

2 აპრილს ფეისბუკზე გავრცელებულ ემოციურ ვიდეომიმართვაში ნინა დრამა, - რომლის ნამდვილი სახელია ნინა მარი დანიელი, - ამბობს:

„სალამი, მეგობრებო! რამდენიმე დღის წინ გამაგებინეს, რომ საქართველოში მიუსაფარი ძაღლები ქუჩებიდან მიჰყავთ და კრემატორიუმში წვავენ“.

„მთავრობა ამბობს, რომ ეს [დაწვა] არ არის მართალი, - და დიდი იმედი მაქვს, ეს ასეა, - მაგრამ ვიღებ უამრავ ვიდეოს, პირად შეტყობინებებს, იმდენი ადამიანი მწერს, მეუბნებიან რა ხდება“, - ამბობს ის.

იგი პირობას დებს, რომ ეცდება გაარკვიოს, როგორ შეუძლია ფონდის დაარსება საქართველოში მიუსაფარი ძაღლებისთვის, „რათა მათ ჰქონდეთ ადგილი, სადაც უსაფრთხოდ იქნებიან“.

„ძალიან მტკივა გული“

„ვცდილობ, ვიდეო ემოციების გარეშე ჩავწერო, მაგრამ ძალიან რთულია. იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს საქართველო, საქართველოს ხალხი, - როგორ მეპყრობოდით და როგორ გულითადად მიმიღეთ“, - მიმართავს ყოფილი მოდელი საქართველოს მოსახლეობას.

ნინა დრამა, - რომელსაც ინსტაგრამზე 4,5 მილიონი, იუტუბზე 1,8 მილიონი, ფეისბუკზე კი 2,3 მილიონი გამომწერი ჰყავს, - 2025 წელს ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ერთად.

ასევე ნახეთ

ვახსენე საქართველო, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურე - დვალიშვილი ამბობს, რა უთხრა ტრამპს

„ყველაზე ჯადოსნური რამ, რაც საქართველოში ვნახე, იყო ის, რომ ქუჩაში ყველა ძაღლი ბედნიერი, ჯანმრთელი და მოვლილი იყო. და ძალიან მტკივა გული, რომ მესმის, რომ ამ ძაღლებს აგროვებენ“.

ნინა დრამა 2026 წლის იანვარშიც იმყოფებოდა საქართველოში, - როგორც მისი ერთ-ერთი მასპინძელი წერდა, წინა ვიზიტისას ქუჩაში ნანახი ორი ძაღლის წასაყვანად.

შემდეგ მან წაიკითხა ერთ-ერთი წერილი, რომელიც საქართველოდან მისწერეს, - მასში აღწერილია:

  • ბოლო პერიოდში ძაღლების „გაუჩინარება“, - რაზეც შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ ტყუილია თითქოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავთ და სინამდვილეში მათ ეტაპობრივად აბრუნებენ;
  • გორში, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში არსებულ კრემატორიუმში ძაღლების შესაძლო „დაწვა“, - რაც შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ უარყო; სააგენტოს თქმით, კრემატორიუმი გამოიყენება ოპერაციებისგან დარჩენილი მასალის ან მკვდარი ცხოველების დასაწვავად;
  • ქალაქ ზუგდიდიდან ძაღლების წაყვანა და პროტესტის შემდეგ დაბრუნება, - თუმცა ისინი დააბრუნეს არა ცენტრში, საიდანაც, აქტივისტების თქმით, წაიყვანეს, არამედ გარეუბანში.

ასევე ნახეთ

დაბრუნებული ძაღლები და კვამლი კრემატორიუმის თავზე

„საკუთარი ფონდი“

წერილის წაკითხვის შემდეგ ნინა დრამა კვლავ მიმართავს საზოგადოებას:

„მინდა ვიყო თქვენი ხმა ამ საკითხში. ძალიან მიყვარს საქართველო, ძალიან მიყვარს იქაური ცხოველები და ძაღლები. თქვენ მიცნობთ და იცით, როგორ მიყვარს ისინი. ეს ყველაფერი გულსაკლავი და ძალიან, ძალიან არასწორია“.

„მე აქ ვარ, რომ დაგეხმაროთ. გთხოვთ, გამომიგზავნოთ ყველაფერი, რაც გაქვთ - ნებისმიერი ინფორმაცია თუ ვიდეო. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია“, - მოუწოდებს იგი მოქალაქეებს.

„ვეცდები გავარკვიო, როგორ შემიძლია ჩემი საკუთარი ფონდის დაარსება საქართველოში უპატრონო ძაღლებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ადგილი, სადაც უსაფრთხოდ იქნებიან“, - პირობას დებს ის. „ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია“.

კონტექსტი

ბოლო პერიოდში ცხოველთა უფლებების დამცველები და მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიუსაფარი ძაღლები „ქრებიან“.

მიმდინარე კვირაში აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა რამდენიმე პრობლემა გამოკვეთეს:

  • ძაღლებს მასობრივად იჭერენ და ხშირად არ აბრუნებენ იმავე ადგილას;
  • ნაწილს აბრუნებენ, მაგრამ ქალაქგარეთ, საშიშ ზონებში - ტრასებთან და მინდვრებში;
  • არსებობს ეჭვები, რომ ზოგ ძაღლს ან აძინებენ, ან ცუდ პირობებში ტოვებენ;
  • გავრცელდა ვიდეო გორის თავშესაფრიდან, - სადაც კრემატორიუმი აქვთ, - სადაც ღამით ამომავალი კვამლი ჩანს, რამაც გააჩინა ეჭვი კრემაციაზე, რაც შესაბამისმა სტრუქტურებმა უარყვეს.

ხუთშაბათს, 2 აპრილს, ხმაური იყო თბილისში, მერიის ცხოველთა თავშესაფარში და მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართებოდა.

საპროტესტო დემონსტრაცია დაანონსებულია 4 აპრილს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან.