სამხედრო ბლოგის ცნობით, ყულევთან ზღვამ დრონი გამორიყა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიება „ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევის“ მუხლით დაიწყო.

ქართული სამხედრო ბლოგის, „World Military/ანალიტიკის“ ცნობით, ადგილობრივებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევთან, სანაპირო ზოლზე, სავარაუდოდ, გამორიყული დრონი შეამჩნიეს.

რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - თუმცა რა ობიექტია უშუალოდ გამორიყული, რა მახასიათებლებით, უწყებაში ამ ეტაპზე არ ამბობენ.

World Military-ს თანახმად, ადგილობრივები ამბობენ, რომ დრონი ზღვამ გამორიყა "სოკარის" ტერმინალის სიახლოვეს, სანაპირო ზოლზე.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით.

ეს მუხლი გულისხმობს „ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას“. კერძოდ:

  1. ნებადართული მარშრუტის, მითითებული ფრენის სიმაღლის, დაჯდომის ადგილის, საჰაერო ჭიშკრის დაუცველობა ან ფრენის საერთაშორისო წესის სხვა დარღვევა;
  2. იგივე ქმედება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დასახლებულ უბანს.

პირველი ნაწილი ჯარიმით, შინაპატიმრობით ან მაქსიმუმ ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება, მეორე კი - მაქსიმუმ ორ წლამდე პატიმრობით.

ამავე სამხედრო ბლოგის ავტორის ვარაუდით, ეს ობიექტი უნდა იყოს „რუსული Gerbera-ს ტიპის კამიკაძე დრონი“.

მისი ვარაუდითვე, ის ან ტექნიკური ხარვეზის გამო ან უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შედეგად, შავ ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ყულევთან გამორიყა.