რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება ერევნის „დემარშის“ შემდეგ - დაუბრუნდება სომხეთი "კუხო-ს" ოჯახს თუ დატოვებს მას, ვაჰან კოსტანიანმა 3 აპრილს უპასუხა:
„ვერ ვხედავ ვერავითარ შანსს, რომ სომხეთი ["კუხო-ში"] დაბრუნდეს, ხოლო დანარჩენი ნაბიჯები საჭიროებისამებრ და საჭირო დროს უნდა გადაიდგას“.
დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად მან თქვა: „იცით, ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს რაიმე აქტიური ან სიმბოლური მონაწილეობაც კი "კუხო-ში" და თავად ტერმინები, „გაყინული ურთიერთობები“ თუ „არმონაწილეობა“, სრულად არ გამოხატავს არსებულ სიტუაციას“.
მისი განმარტებით, „სომხეთი არც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილია და არც "კუხო-ს" ქმედებებისა. ჩვენ პრაქტიკულად ამჟამად "კუხოს-ს" გარეთ ვართ“, - განაცხადა მან.
„არ ესმით“ - ამონარიდი ინტერვიუდან
რადიო თავისუფლება: „თუმცა რუსეთში ვერ ხვდებიან, თუ რატომ [არის სომხეთი ასე], - ვლადიმირ პუტინი გუშინწინ ყარაბაღზე ამბობდა, „ჩვენ დაგეხმარებოდით, პრაღაში ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად რომ გეღიარებინათო“...
ვაჰან კოსტანიანი: „გულწრფელად არ მგონია, რომ ჩვენს რუს კოლეგებს არ ახსოვთ ნაბიჯების თანმიმდევრობა ან არ ესმით ის მდგომარეობა, რომელიც დღეს სომხეთში, სომხეთის გარშემო, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში შეიქმნა“.
„სხვა საქმეა, რომ შესაძლოა, მათი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რეალობა სხვაგვარად წარმოუდგინონ როგორც შიდა საზოგადოებას, ასევე სომხურ საზოგადოებას, ცდილობენ გარკვეულწილად მხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც, არსებითად, ცდილობენ რუსული დღის წესრიგის წინ წაწევას სომხეთში“.
„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მეხსიერება, ისევე როგორც ყარაბაღელი სომხების მეხსიერება, არც ისე მოკლეა, ხალხს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს და მათ წლების განმავლობაში თავიანთი შეფასებები გააკეთეს ან გარკვეულ ქმედებებში მონაწილეობით, ან დემონსტრაციებში არმონაწილეობით და თავიანთ შეფასებას 7 ივნისს ხმის მიცემით გააკეთებენ“.
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
ასევე ნახეთ
„რუსეთის ჩარევის თავიდან აცილება“ სომხეთის არჩევნებში - რა გეგმა აქვს ევროკავშირსპუტინი-ფაშინიანის შეხვედრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში მისი 1 აპრილის ვიზიტი, - რა დროსაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე გამაფრთხილებლად ისაუბრა, - „ძალიან წარმატებული“ იყო.
სანამ მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაგრძელდებოდა, პრესის თანდასწრებით, ვლადიმირ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ვრცელი სიტყვები წარმოთქვეს.
ფაშინიანმა ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციით".
„ჩემი აზრით, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო [აზერბაიჯანის თავდასხმისას], მაგრამ ისინი არ ამოქმედდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ამჟამად ჩვენ არ ვმონაწილეობთ კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მან ამის საფუძვლად „მარტივი მიზეზი“ დაასახელა: „ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ავუხსნით ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რატომ არ უპასუხა „კუხომ“ სომხეთის თხოვნას, უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად“.