ფონდმა „ობშესტვენნოე მნენიემ“ („საზოგადოებრივი აზრი“), რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ვლადიმირ პუტინის რეიტინგების ვარდნა დააფიქსირა. ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მის მიმართ ნდობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს (71%) მიაღწია, აღნიშნავს რადიო თავისუფლების ტელეპროექტი „ნასტოიაშჩეე ვერმია“.
სააგენტოს ცნობით, ასეთი მაჩვენებელი უკანასკნელად დაფიქსირდა 2022 წლის 27 თებერვალს.
ამავე დროს გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც არ ენდობა პუტინს. ეს მაჩვენებელი 13%-დან 17%-მდე გაიზარდა.
ფონდმა ასევე დააფიქსირა მისი მუშაობის რეიტინგის (რამდენად კარგად მუშაობს თავის თანამდებობაზე) ვარდნა 74%-მდე - იგივე დონე, რაც სამსახურმა დააფიქსირა 2022 წლის 25 სექტემბერს, პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის თანახმადაც, პუტინის რეიტინგები მინიმალურია 2022 წლიდან მოყოლებული (70,1%), ხოლო მისი მუშაობით უკმაყოფილების მაჩვენებელი 19%-მდე გაიზარდა.
სოციოლოგიური სამსახურები პუტინის რეიტინგის ვარდნის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ. ბოლო კვირების განმავლობაში უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის ომის მომხრე წრეებში, ინტერნეტის დაბლოკვამ. რეგიონებში მობილური ინტერნეტის რეგულარული გათიშვა დაიწყო და 2026 წლის გაზაფხულისთვის ეს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგსაც შეეხო. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ ეს თითქოს „აუცილებელი იყო მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან უკრაინა თავდასხმებისთვის სულ უფრო დახვეწილ ტექნოლოგიურ მეთოდებს იყენებს“.
ამასობაში „როსკომნადზორმა“ გაამკაცრა ტელეგრამის პოპულარული მესენჯერის მუშაობის შეზღუდვები, ხოლო ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრომ VPN-ების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. ხელისუფლებამ რუსეთის ათობით ქალაქში აკრძალა ბლოკირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები და სულ მცირე 25 ადამიანი დააკავეს.