მოკლედ
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობების რეკორდული - 2270 შემთხვევა დაფიქსირდა;
- პატიმრობების მაჩვენებელთან ერთად გაზრდილია იმ დღეების რაოდენობაც, რომელსაც სამართალდამრღვევად მიჩნეული ადამიანები იზოლატორებში ატარებენ.
- ბოლო 5 წელიწადში, 2020-დან 2025-ის ჩათვლით, 3 800%-ით გაიზარდა 10-დღიანი პატიმრობების მაჩვენებელი, 2 233%-ით 15-დღიანი პატიმრობების.
- ადმინისტრაციული პატიმრობის რაოდენობის გაზრდილ მაჩვენებელს იურისტების ნაწილი ბოლო წლებში გამკაცრებულ კანონმდებლობას უკავშირებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი დააკავეს, ვიდრე, მაგალითად, 2013 წელს და იმაზე თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე 2017 და 2021 წლებში.
ოფიციალური მონაცემებით, სამართალდამრღვევების დაკავების მაჩვენებელი მკვეთრად 2022 წლიდან იზრდება - ამ დროს პანდემია დამთავრდა და მალევე, 2023 წლის გაზაფხულზე ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციების ტალღა იწყება “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც “ოცნება” გამჭვირვალობის, აქციებზე გამოსული ხალხი კი რუსულ კანონს უწოდებდა.
წინასწარი დაკავების იზოლატორში, როგორც სამართალდამრღვევი შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელის დაუმორჩილებლობის, აქციის წესების დარღვევით გამართვის ან ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. 2025 წელს პოლიციამ 20 000-ზე მეტი არაფხიზელი მძღოლი გააჩერა და მათი მხოლოდ 7% მოხვდა იზოლატორში, ანუ, სამართალდარღვევა თავისთავად არ არ ნიშნავს იზოლატორში მოხვედრას და მით უმეტეს, პატიმრობას.
2025 წელს 3 ათასზე მეტი ადამიანი მოხვდა იზოლატორში პოლიციელის წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის - ეს ის ორი მუხლია, რომლითაც, როგორც წესი, აკავებენ აქტივისტებს საპროტესტო აქციებზე.
2025 წელს იზოლატორებში მოხვედრილი 5 312 ადამიანიდან ადმინისტრაციული პატიმრობას ნახევარზე მეტი გადაურჩა. ამ წელს პანდემიის შემდეგ ყველაზე მაღალი პროცენტი დაფიქსირდა დაკავებულთაგან პატიმრობაშეფარდებულების.
გარდა დაკავებულთა რაოდენობის ზრდისა, ბოლო წლების ტრენდია იმ დღეების რაოდენობის მატებაც, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი იზოლატორში ატარებს.
ჯერ კიდევ 5 წლის წინ, დაკავებულთა უმეტესობა იზოლატორებში ერთ კვირაზე ნაკლებ დროს ატარებდა.