მოკლედ
- ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ქმრის მკვლელობაში ბრალდებული თეკლა გერსამია.
- სასამართლომ მას უმაღლესი, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
- გერსამიას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ნაჭყებია განიხილავდა.
- დასკვნითი სხდომა, სადაც მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს, 4 აპრილის საღამოს გაიმართა.
22 წლის ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით 25 წლის თეკლა გერსამია 2025 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მან დაჭრილი კაცი, რომელიც საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, თავად მიიყვანა ექიმებთან და პოლიციაშიც თავად გამოცხადდა.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო. ქალი, რომელიც ქმრის გარდაცვალების დღესვე დააკავეს, თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
დაცვის მხარის ვერსია, თითქოს ლუკა დარასელიამ თვითმკვლელობა სცადა, ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
გერსამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით ისჯება.