ირანმა ერაყს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მისცა

სატვირთო გემი ჰორმუზის სრუტეში. 11 მარტი, 2026.

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება ერაყზე, რომელიც ნავთობის მსხვილი მწარმოებელია.

„ძმური ერაყი თავისუფლდება ჰორმუზის სრუტეში ჩვენ მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

Bloomberg-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბაზარზე დღეში სამ მილიონ ბარელამდე ერაყული ნავთობის შეტანა გახადოს შესაძლებელი. თუმცა, ერაყელმა ოფიციალურმა პირმა სააგენტოს განუცხადა, რომ პრაქტიკული ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არიან თუ არა გემები სრუტეში შევიდნენ არსებული რისკების პირობებში.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, გავრცელდება თუ არა ეს გამონაკლისი მთელს ერაყულ ნავთობზე, თუ მხოლოდ ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე. ასევე გაურკვეველია, როგორ განხორციელდება ეს.

ერაყი OPEC-ის წევრთა შორის ნავთობის სიდიდით მეორე მწარმოებელია საუდის არაბეთის შემდეგ.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, სპარსეთის ყურის ნავთობის ძირითადი მწარმოებლები იძულებული გახდნენ, მკვეთრად შეემცირებინათ ნედლი ნავთობის წარმოება, რადგან მთავარი საექსპორტო მარშრუტი დაიკეტა. Bloomberg-ის ცნობით, მარტში ერაყის ნავთობის ექსპორტი წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 97%-ით შემცირდა და დღეში საშუალოდ 99 000 ბარელი შეადგინა.

რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 15-20%-ს და გათხევადებული ბუნებრივი აირის 30%-ზე მეტს ატარებდა. მისმა დახურვამ გამოიწვია სპარსეთის ყურის მსხვილი მწარმოებლების მიერ ნავთობის წარმოების შემცირება და ენერგორესურსების ფასების ზრდა.

ასევე ნახეთ

„კოღოების გუნდები“ და გეოგრაფიის გაკვეთილები. რაშია ირანის საზღვაო ძალების სიძლიერე