ირანის სახელმწიფო მედიის მიერ 6 აპრილს გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა აშშ-ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანსა და მის მახლობლად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია ორი საცხოვრებელი შენობა.
„ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირის მქონე სააგენტო Tasnim-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ირანის ხელისუფალთა ცნობით, 6 აპრილს გამთენიისას ავიადარტყმა იყო თეირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზეც. ამას ადასტურებს რადიო თავისუფლების ირანული სამსახურიც. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, უნივერსიტეტის ნაწილი, მისი მიმდებარე ტერიტორია და იქ არსებული მეჩეთი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
ისრაელის მედიის ცნობით, 6 აპრილს ირანმა სარაკეტო შეტევა მიიტანა თელ-ავივის რაიონზე, სადაც დაიჭრა ორი ადამიანი, მათგან ერთი მძიმედ.
მორიგი შეტევა იყო ქალაქ ხაიფაზე, სადაც, ისრაელის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაშავდა. ირანმა ხაიფას ბალისტიკური რაკეტით დაარტყა 5 აპრილს, ღამითაც. ისრაელის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ 6 აპრილს გავრცელებული ცნობით, განადგურებული სახლის ნანგრევებში ნაპოვნია 4 დაღუპულის ცხედრები.
ირანის სარაკეტო დარტყმით დანგრეული სახლი ისრაელის ქალაქ ხაიფაში
- ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ ამ პროგრამას გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს და მის დახურვას მოითხოვს, თეირანის თანახმად კი, პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
6 აპრილს სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასულ ღამით პაკისტანმა ირანს და აშშ-ს გადასცა გეგმა, რომლის პირველი ეტაპი ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ხოლო მეორე - ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმებას. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ზავი დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს და გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, ფართომასშტაბიანი მოგვარების შეთანხმება კი 15-20 დღეში უნდა შემუშავდეს.