ტრამპმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი 7 აპრილს შეთანხმების მიღწევისკენ და თქვა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ირანის "წითელი ნახევარმთვარის" ცნობით, რომელსაც Reuters-ი იმოწმებს, დაიბომბა ირანის რკინიგზა ქარაჯის რეგიონში.
ამავე რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა გადამცემ ხაზებზე დარტყმის შედეგად, იტყობინება NOURNEWS-ი.
რკინიგზაზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან ყაზვინიდანაც - ETEMADONLINE-ის ცნობას ავრცელებს Reuters-ი.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ქალაქ ქაშანთან საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ქაშანი პოპულარული ტურისტული ცენტრია.
საჰაერო დარტყმის შედეგად თეირანში მნიშვნელოვნად დაზიანდა სინაგოგა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, დაბომბვა ღამით მოხდა. თავდასხმაში ისრაელის საჰაერო ძალები დაადანაშაულეს. ვიდეოში ნაჩვენებია თითქმის მთლიანად დანგრეული შენობა ვიწრო ჩიხში, ასევე გაწმენდითი სამუშაოები.
ისრაელის სამხედროებმა 7 აპრილს ირანის მოსახლეობას მოუწოდეს, არ ისარგებლონ მატარებლით. ამ დროიდან ირანის დროით საღამოს 9 საათამდე, მატარებლებში და რკინიგზის ხაზებთან ახლოს ყოფნა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა პრესსპიკერმა სპარსულ ენაზე ონლაინ საინფორმაციო სააგენტო X-ით.
თავის მხრივ, ირანი ახორციელებს საპასუხო დარტყმებს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების და ისრაელის ობიექტებზე.
არაბთა გაერთიანებული საამიროების შარჯას ხელისუფლების ცნობით, თურაიას ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციულ შენობას ირანის რაკეტა მოხვდა. შარჯას ხელისუფლების თანახმად, დაშავებულია ორი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ პირობებს 7 აპრილამდე უნდა დათანხმდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო მასშტაბური დაბომბვა ელის.
მანამდე ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დასათანხმებლად ირანს ბოლო ვადად 7 აპრილის ღამე დაუთქვა - სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, დარტყმები ელექტროსადგურებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე განხორციელდება. ტრამპი მოითხოვს, ირანმა უარი თქვას ბირთვული იარაღის განვითარებაზე და გახსნას ჰორმუზის სრუტე.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის წარმომადგენელმა ნიუ-იორკში განაცხადა, რომ ასეთი თავდასხმები საერთაშორისო სამართალს არღვევს, დროა, ეს კონფლიქტი დასრულდეს.
ირანის ომის ფონზე რუსეთი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ ქვეყნისთვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა რუსეთისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა და რომ მოსკოვს აქვს პოტენციალი, სწრაფად გაზარდოს ენერგიის, რესურსებისა და საკვების გლობალური ექსპორტი.
ამავდროულად, შიდა ბაზრის დაცვა რუსეთის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განაცხადა მიშუსტინმა და დასძინა, რომ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება გლობალური ნავთობის ფასების ზრდის გამო.