დღევანდელ, 8 აპრილის, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან, დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების ოქმი წარუდგინა.
ღუდუშაურის საპროცესო პირობა ასეთია - პირობითი მსჯავრი 4 წელი, 10 000-ლარიანი გირაო და ერთი წლით საჯარო სამსახურში დასაქმების აკრძალვა. ღუდუშაური გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული.
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს - ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას, - პროკურატურა მათ მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს მოითხოვს, შესაბამისად, მიმართვის მიუხედავად, მათთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება.
პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ესპანეთში, მალაგის პროვინციაში არსებული სახლის, თბილისში, დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, ავტოფარეხისა და საზაფხულო ფართის ჩამორთმევა.
პროკურორი ანი ლეკიაშვილი
როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა თქვა, ღუდუშაურთან მიმართებით მხედველობაში მიიღეს ის, რომ ბრალდების მხარესთან საგამოძიებო ეტაპიდან თანამშრომლობდა, ასევე "სასამართლოში გაკეთებული განცხადებებიც".
"ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა დანარჩენი სამი ბრალდებულის მიმართ და პირველ ინსტანციაში ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება არსებითი განხილვის დასასრულამდე. გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
ჩამორთმეულ ქონებებს რაც შეეხება - როცა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება არსებობს საქმეში, უნდა ჩამოერთვას, მოვითხოვეთ მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევა, რომელიც ამ საქმესა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას უკავშირდება", - თქვა ანი ლეკიაშვილმა.
ასევე ნახეთ
„მინისტრის დავალება იყო“, - თავდაცვის შესყიდვების უფროსმა ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ მისცაქონების ღირებულება ორმილიონ-ნახევარი ლარია(2 500 000).
ხათუნა ხურცილავა, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი
ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა მოელის, რომ მოთხოვნილ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პასუხს მაინც მიიღებენ. მისი თქმით, მზად არიან "ზიანის ანაზღაურებაზე და აღიარებაზე".
"ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ღუდუშაურს გაუფორმეს ხელშეკრულება. ჩვენთან მიდის მოლაპარაკება და ვფიქრობთ, რომ 16 აპრილამდე რაიმე პასუხს მივიღებთ. კატეგორიული უარი, რომ საპროცესო არ ფორმდება, არ ყოფილა. გამამტყუნებელს ითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროცესო არ გაფორმდეს", - თქვა ხათუნა ხურცილავამ.
მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე აღარ გადაიხედება საპროცესოს გაფორმების საკითხი, "არ ნიშნავს, რომ უარს გვეუბნებიან. პროკურორი ამბობს ამას, მაგრამ ხომ შეიძლება შეიცვალოს პირობები, არის აკრძალვა რაიმე?"
ასევე ნახეთ
ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე და ცოლისძმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენრას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია ბრალდებული. ის 2025 წლის 11 სექტემბერს სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა.
ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის [გიორგი ხაინდრავა - რ.თ.], ნათესავისა [ვასილ მხეიძე - რ.თ.] და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის [ვლადიმერ ღუდუშაური - რ.თ.] დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
გამოძიების თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
სხვა ბრალდებულები
ვასილ მხეიძე (ცოლისძმა) ჯუანშერ ბურჭულაძეზე ადრე, 2025 წლის 27 ივლისს დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად.
ღუდუშაურისა და ხაინდრავასთვის წარდგენილი ბრალია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა“, ხოლო ვასილ მხეიძის ბრალდება არის „გაფლანგვაში დახმარება“.
გამოძიების ვერსიით, ბურჭულაძის ახლო ნათესავი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა 12 მარტის სხდომაზე თქვა, რომ უკანონო დავალებები მინისტრისგან მიიღო. მას ედავებიან თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას.
„ვნანობ, რომ ბიუჯეტს ზიანი მივაყენე... ყველაფერზე მინისტრი იყო ინფორმირებული“, - თქვა მან.