საბერძნეთის ქალაქ სალონიკის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ლიეტუვას უნდა გადაეცეს ევროპული ორდერის საფუძველზე სალონიკიში 2026 წლის თებერვალში დაკავებული 55 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან თანამშრომლობაში.
- გამოძიების თანახმად, ეს ქსელი ლიეტუვაში ამზადებდა რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური მრჩევლის და რუსეთიდან ლიეტუვაში გაქცეული 46 წლის აქტივისტის მკვლელობას.
ბერძნული გამოცემის, Voria-ს მიერ 7 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომლის ექსტრადიციის გადაწყვეტილება სალონიკის სასამართლომ მიიღო, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ბერძენია. ის დანაშაულის ჩადენას უარყოფს და სალონიკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საბერძნეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
გამოძიების თანახმად, ეს პირი მონაწილეობდა მკვლელობის მოსამზადებლად ლიეტუვაში თანხის ნაწილის, 5000 ევროს გადარიცხვაში.
ასევე ნახეთ
The Insider: რუსეთმა შექმნა საიდუმლო ქვედანაყოფი "795" საზღვარგარეთ მკვლელობებისთვისგამოცემა Delfi, რომელიც ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, წერს, რომ ლიეტუვაში დაგეგმილი მკვლელობა არ შედგა, რადგან პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა და ეჭვმიტანილები დააკავა.
საქმის გამოძიებისას ლიეტუვის საზღვრებს მიღმა გამოიკვეთა რამდენიმე ეჭვმიტანილი. მათ შორის საბერძნეთის ოთხი მოქალაქე, რომელთაგან ერთს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.
საბერძნეთის და საქართველოს მოქალაქეების გარდა ეჭვმიტანილებს შორის არიან ლიეტუვის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეები. ერთი სავარაუდოდ, გერმანიის ტერიტორიაზე იმყოფება.