დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დღეს, 9 აპრილს, პატივი მიაგეს რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. მათ ადგილზე ყვავილების გვირგვინები მიიტანეს.
ერთ-ერთი პირველი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მივიდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
ალან პერსელი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
"9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას“, - წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მემორიალთან ჩეხეთის ელჩთან, პეტრ კუბერნატთან ერთად მივიდა.
პაველ ჰერჩისკი და პეტრ კუბერნატი
"9 აპრილი არის მტკივნეული შეხსენება საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობის; მათი წინააღმდეგობა საქართველოს თავისუფლების, ღირსების და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლოდ იქცა.
ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა და ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელთანაც ორმა წელმა დააშორა.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას - ეს არის მძიმე ბრძოლით მოპოვებული მიღწევა, რომლის დაცვას საქართველოს თაობები განაგრძობენ", - წერს ევროკავშირის საელჩო ფეისბუკის პოსტში.
"ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა, 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს, რაც იყო იმ ადამიანთა გამბედაობისა და თავგანწირვისადმი პატივისცემა, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს. მათი ხსოვნა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება", - ნათქვამია ჩეხეთის საელჩოს განცხადებაში.
პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში
ერთად მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან დანიის, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ელჩები.
მოგვიანებით დანიის საელჩომ პოსტიც გაავრცელა:
"9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღეა, რადგან ის აღნიშნავს 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა თბილისში ძალადობრივად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას."
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ელჩები გვირგვინით შეამკობენ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს.
"მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის", - დაწერა ლატვიის საელჩომ ფეისბუკის გვერდზე.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ადგილზე მყოფ მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
ასევე ნახეთ
ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს - პეტერ ფიშერი 9 აპრილზე"1989 წლის 9 აპრილს აქ მომხდარი მოვლენა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ეს დღე აკავშირებს საქართველოს, გერმანიასა და მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწყურიათ. თუ დღეს მსოფლიოს გარშემო მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - თქვა გერმანიის ელჩმა.
"1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გასწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. მაშინ საქართველო და პოლონეთი ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით საქართველოს საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის", - წერს პოლონეთის საელჩო.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში და კავკასიის ფრანგულმა სკოლამ, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და "ერთად მიაგეს პატივი მათ სიმამაცეს."
როგორც საელჩო ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს:
"9 აპრილს, საფრანგეთი ყველა ქართველთან ერთად აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს, რომელიც 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია. ამ დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველ ხალხთან ერთად, ის კვლავ მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული მომავლის ერთგულია. 9 აპრილი ასევე არის ხსოვნის დღე და აღნიშნავს 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი დემონსტრაციების ტრაგიკულ ჩახშობას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა სიცოცხლე შესწირეს თავიანთ სწრაფვას თავისუფლებისკენ საბჭოთა ჩაგვრის წინააღმდეგ".
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმაც.
"დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს, რომელთა თავდადებაზეც დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.
ვლოცულობთ და შევთხოვთ დიად გამჩენს, ეროვნული გმირების სახელთა უკვდავსაყოფად, მარად გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ და სუვერენულ სახელმწიფოში! აამიინ!" - წერს სამმართველო ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები
9 აპრილი
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.
დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
ამავე დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.