საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა ცხედრები ნანგრევებიდან ამოიტანეს. როგორც იტყობინებიან, ორი ადამიანი გადაარჩინეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს დარჩენილი ნანგრევებქვეშ, არ იტყობინებიან.
დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, მათ შორისაა ორი ბავშვი. ყველა ჰოსპიტალიზებულია. როგორც იტყობინებიან, ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამჟამად საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ, ჩააქრონ ხანძარი, რაც შემდგომი დეტონაციის რისკს ქმნის. ევაკუირებულ არიან საწყობებთან ახლოს მდებარე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები, იტყობინება ტელეგრამის არხი „ნოვოსტი ვლადიკავკაზა“.
ინტერნეტში გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საწყობი ნაწილობრივ განადგურებულია და მის ახლოს გაჩერებული მანქანები დაზიანებულია. ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აფეთქება მოხდა უშუალოდ საწყობში, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა. სხვა წყაროების ცნობით, აფეთქება თავდაპირველად მოხდა კომპანია „KhDM“-ის კუთვნილ საწყობში, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა ახლომდებარე პიროტექნიკის მაღაზიას, იტყობინება Kavkaz.realii.