წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან ხოლმე - მათ შორის არის მომლოცველები საქართველოდანაც.
იერუსალიმშია საპატრიარქოს დელეგაციაც. მათ უნდა გაავრცელონ საქართველოში მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი ქართულ ეკლესია მონასტრებში.
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი აღავლენს.
მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნეა შეკრებილი.
ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ომის გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. თუმცა ისრაელის ხელისუფლებამ დღესასწაულის წინ მისი გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მიღებულია საგანგებო ზომები. დღეს ქრისტიანების მთავარ ტაძარში 2 000 ადამიანი დაიშვება.
ცეცხლი იერუსალიმიდან თბილისშიც ჩამოაქვთ ხოლმე - ეს ტრადიცია არც წელს დაირღვევა.
მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.
გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში III საუკუნიდან სრულდება.
წელს წმინდა ცეცხლის რიტუალის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული და პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა.