მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა“.
ერთობა, გაერთიანება, ერთსულოვნება, ერთ მუშტად შეკვრა, ერთად ყოფნა - ეპისტოლეში არაერთხელ არის ნახსენები.
საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე ეპისტოლეში წერს, რომ აღდგომისათვის მზადების დროს საქართველოში ქრისტიანების გულები „მწუხარებამ მოიცვა“, რადგან დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში გარდაიცვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II.
ეპისტოლეში წერია, რომ ილია მეორის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა „სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო“, ხოლო მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა „ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს“.
სააღდგომო ეპისტოლის შემდგომი ტექსტიც სრულად საქართველოს გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქს ეძღვნება და მასში აღნიშნულია, რომ მისი მრავალწლიანი ღვაწლი „არ ყოფილა მსუბუქი“.
„ მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში... უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“.
მიტროპოლიტი შიო მუჯირი სააღდგომო ეპისტოლეში წერს, რომ ილია მეორის შესახებ ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება, მაგრამ „ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული და სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ“.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მადლობას უხდის ყველას ერთიანობისათვის და წერს, რომ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ „ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება“.
„დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება! მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი“, -წერს შიო მუჯირი, რომელმაც აღავლინა 2026 წლის სააღდგომო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში და მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.