რუს სპორტსმენებს საწყლოსნო სახეობებში რუსეთის დროშით ასპარეზობის უფლება დაუბრუნეს

საწყლოსნო სახეობების წარმომადგენლები ისევ შეძლებენ რუსეთის და ბელარუსის ეროვნული დროშებითა და ჰიმნებით ასპარეზობას.

რუს სპორტსმენებს, რომლებიც საწყლოსნო სახეობებში ასპარეზობენ, უკრაინაში ომის გამო დაწესებული აკრძალვა მოუხსნეს. აკრძალვა აღარ აქვთ ბელარუსის სპორტსმენებსაც.
  • უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს საწყლოსნო სახეობებში ასპარეზობის უფლება მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, ეროვნული დროშების და ჰიმნების გარეშე შეეძლოთ.


გადაწყვეტილება შეცვალა სპორტის საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციამ, რომელმაც 13 აპრილს გამოაცხადა, რომ „პოლიტიკური კონფლიქტის პერიოდში“ შეჯიბრებებში სპორტსმენების მონაწილეობის სახელმძღვანელო პრინციპები აღარ იქნება გამოყენებული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეობის მქონე სპორტსმენების მიმართ.

შესაბამისად, მოცურავეები, წყალბურთელები და სხვა საწყლოსნო სახეობების წარმომადგენლები ისევ შეძლებენ რუსეთის და ბელარუსის ეროვნული დროშებითა და ჰიმნებით ასპარეზობას. ტურნირებზე დაშვებისთვის მათ ანტიდოპინგური კონტროლის რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ.

ასევე ნახეთ

რას სთავაზობს კრემლი საერთაშორისო ტურნირებიდან გარიყულ რუს სპორტსმენებს?

13 აპრილს წყალბურთში მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელსაც მალტა მასპინძლობს, უკრაინის და რუსეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა იყო დაგეგმილი.

უკრაინელმა წყალბურთელებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და რუსებთან მატჩზე უარი თქვეს, რაც ტექნიკურ მარცხად ჩაეთვალათ. უკრაინის წყალბურთის ფედერაციას სანქციებიც ემუქრება. ფედერაციის პრეზიდენტ ოლექსანდრ სვიშჩევის განცხადებით, უკრაინა არ ითამაშებს მათთან, ვინც ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და მომავალს.