- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომლის ექსპერტებიც სადგურზე მონიტორინგის მიზნით იმყოფებიან, ავარიის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
- უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ ატომური ელექტროსადგურის მახლობლად საბრძოლო მოქმედებების შედეგად სადგურისთვის საფრთხის შექმნაში.
- 24 მარტს ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა კავშირი დაზიანებულ 750-კილოვოლტიან გადამცემ ხაზთან და სარეზერვო ხაზზე გადაიყვანეს.
- 14 აპრილს დროებით გაითიშა სწორედ ეს სარეზერვო ხაზი.
ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, სადგურისთვის ელექტროენერგიის გარედან მიწოდება დაახლოებით 90 წუთში აღდგა. მანამდე ე.წ. საავარიო გენერატორები იყო ჩართული.
ასევე ნახეთ
ახალი ჩერნობილის საფრთხე - ატომური სადგურები ფრონტის მახლობლადატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარედან ენერგომომარაგება უკვე მეცამეტედ შეუწყდა.
სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ 14 აპრილს განაცხადა, რომ მორიგი ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონფლიქტის დროს ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.
სააგენტო უკრაინულ და რუსულ მხარეებთან განაგრძობს კონსულტაციებს ლოკალური ზავის გამოსაცხადებლად, რათა შესაძლებელი გახდეს მარტში დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა.
- უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.
- სადგურს რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მართავს.