15-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში

თურქეთის ქალაქ სივერექის სკოლა, სადაც 14 აპრილს სროლა იყო

თურქეთში შეიარაღებული თავდასხმა იყო სკოლაზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაჭრილია 16 ადამიანი. თავდასხმა 14 აპრილს მოხდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე შანლირუფის პროვინციის ქალაქ სივერექში.

თურქული მედიასაშუალებები პროვინციის გუბერნატორ ჰასან სილდაქზე დაყრდნობით წერენ, რომ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყო ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ბიჭმა, რომელმაც დაკავებამდე თავი მოიკლა.

თურქეთის შსს-ს ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, სკოლის კიდევ ერთი თანამშრომელი და ერთი პოლიციელი.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაწყებულია დეტალური გამოძიება. სკოლაში, სადაც სროლა იყო, 700-ზე მეტი მოსწავლეა.