The Bell: რუსეთში ინტერნეტზე ზედამხედველობა ჩაებარა ეფესბეს მეორე სამმართველოს

ეფსებეს შტაბ-ბინა მოსკოვში

2025 წლის ზაფხულიდან რუსეთში ინტერნეტზე ზედამხედველობას ახორციელებს ეფესბეს მეორე სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელია "კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე" და ტერორიზმთან ბრძოლაზე.

ამ უწყების ქმედებებს უკავშირდება ის შეზღუდვები, რომლებიც ბოლო დროს ამოქმედდა - მათ შორის მესენჯერების დაბლოკვა და VPN-თან ბრძოლა. ამ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს გამოცემა The Bell-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ სწორედ ეფესბეს მეორე სამმართველოს თანამშრომლებს აქვთ სავარაუდო კავშირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, აწ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან.

The Bell-ს IT-ის ინდუსტრიაში მომუშავე წყარომ გაუმხილა ამ "ზედამხედველობის" დეტალები. მისი თქმით, ციფრული განვითარების სამინისტროში ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ეფესბეს წარმომადგენელმა კავშირგაბმულობის და საინტერნეტო კომპანიების თანამშრომლები ფაქტის წინაშე დააყენა - მათ უნდა ეკისრათ ბრძოლა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერნეტის ბლოკირებისთვის თავის ასარიდებელ მეთოდებთან, სხვა შემთხვევაში მათ წინააღმდეგ ზომებს გაატარებდნენ. "ყველაფერი შეიცვალა, რადგან ინიციატივა მეორე სამმართველომ მიიტაცა. ახლა ისინი ყველგან დადიან, ყველაფერს წყვეტენ", - ეუბნება წყარო გამოცემას.

გავრცელებული ცნობებით, გასული წლის ზაფხულში მეორე სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსეი სედოვი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და მას "ინტერნეტში წესრიგის დამყარებას" დაჰპირდა. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არ უპასუხა The Bell-ის მიერ ამ საკითხზე გაგზავნილ კითხვებს. როგორც იუწყებიან, სწორედ ეფესბე იდგა Telegram-ის შეზღუდვის იდეის უკანაც.

ასევე ნახეთ

რატომ გადაწყვიტეს Z-ბლოგერებმა, პუტინს პირში უძრახონ?!

ასევე ნახეთ

რუსეთში სავალდებულო მესენჯერი MAX – „ამხანაგი მაიორი“ შენს ტელეფონში

მანამდე, The Bell-ის ინფორმაციით, ინტერნეტი ეხებოდა არა მეორე სამმართველოს, არამედ ეფესბეს ტექნიკურ განყოფილებას.

The Bell-ი აღნიშნავს, რომ მეორე სამმართველო, არსობრივად, არის მემკვიდრე საბჭოთა უშიშროების - "კაგებეს" - მეხუთე სამმართველოსი. "ამჟამად ეს სამმართველო საკვანძო როლს ასრულებს საშინაო პოლიტიკაში: ზედამხედველობას უწევს ექსტრემიზმის შესახებ საქმეებს, უთვალთვალებს ოპოზიციის აქტივისტებს, მონაწილეობს ორგანიზაციების არასასურველად ან უცხოეთის აგენტებად გამოცხადებაში. მასვე მიაწერენ იდეოლოგიური კონტროლის ფუნქციებსაც", - აღნიშნავს გამოცემა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ, დიდი ალბათობით, 2020 წელს სწორედ ამ სამმართველოს თანამშრომლები შეეცადნენ ნავალნის მოწამვლას.

The Bell-ი ასევე აღნიშნავს, რომ ეფესბეს ქმედებებმა, კერძოდ, Telegram-ის დაბლოკვამ, უკმაყოფილება გამოიწვია მათ შორის მმართველ სტრუქტურებშიც, რადგან, როგორც ითვლება, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბოლო პერიოდში პრეზიდენტ პუტინის რეიტინგის შემცირებისა. სააგენტო Bloomberg-ი ახლახან წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მზადაა გარკვეული დათმობებისთვის - კერძოდ, მზადაა სრულად არ დაბლოკოს Telegram-ი. ჯერჯერობით, როგორც გამოცემა The Bell-ი აღნიშნავს, "ამგვარი დათმობის ნიშნები არ იკვეთება". კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ამჟამად აუცილებელია და მოქალაქეთა უმრავლესობას ეს ესმის. პესკოვის თქმით, მომავალში - სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ - ყველაფერი "ნორმალიზდება".

ასევე ნახეთ

"კრემლის თაგუნია" დამარცხდა

ასევე ნახეთ

რუსეთის გენპროკურატურამ "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა აშშ-ის ტაფტსის უნივერსიტეტი