ტრამპი: ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, ირანმა შესაძლოა აშშ-სთან კვირის ბოლოს გამართოს შეხვედრა

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ლიბანი და ისრაელი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე 10 დღის განმავლობაში, და ასევე თქვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შემდეგი შეხვედრა შესაძლოა კვირის ბოლოს გაიმართოს.

ტრამპმა თეთრი სახლის წინ თავშეყრილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანმა წამოაყენა წინადადება, არ განავითაროს ატომური იარაღი 20 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში.

"ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ ძალიან ახლოს ვართ ირანთან შეთანხმების გაფორმებასთან", - თქვა ტრამპმა და დასძინა: "ვფიქრობ, შანსი გვაქვს. და ეს თუ მოხდება, ნავთობის [ფასი] დაიწევს, ფასები დაიწევს, ინფლაცია დაიწევს და... რაც ბევრად მნიშვნელოვანია, არ იქნება ატომური ჰოლოკოსტი".

ტრამპის თქმით, თეირანს შეთანხმების გაფორმება სურს.

"ირანთან ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რამდენადაც ძნელი უნდა იყოს ამის დაჯერება", - თქვა ტრამპმა. - "ვფიქრობ, ესაა კომბინაცია დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელებული დაბომბვისა და ძალიან ძლიერი ბლოკადის".

ირანის ატომური მისწრაფებები იყო უთანხმოების მთავარი საკითხი გასული კვირის ბოლოს გამართულ მოლაპარაკებებზე. აშშ გამოვიდა წინადადებით ირანს 20 წლით შეეჩერებინა ყველა სახის ბირთვული ქმედება, რაც ერთგვარ კომპრომისს ჰგავდა თავდაპირველ მოთხოვნასთან შედარებით, რომელიც სამუდამო აკრძალვას გულისხმობდა. სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი გამოვიდა ამ სამუშაოების სამიდან ხუთ წლამდე შეჩერების პირობით.

ვაშინგტონი მოითხოვს მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი გაიტანონ ირანიდან. თეირანი მოითხოვს საერთაშორისო სანქციების მოხსნას.

მანამდე სოციალური მედიით გავრცელებული პოსტით ტრამპმა თქვა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხუთშაბათს ამოქმედდება. ეს ზომა მიზნად ისახავს იმ კონფლიქტის შეჩერებას, რომელიც მიმდინარეობს ისრაელსა და ირანთან დაკავშირებულ ლიბანურ ჯგუფ ჰეზბოლას შორის.

ჰეზბოლა მოიცავს გასამხედროებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიას და ის სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს შეერთებული შტატები, თუმცა ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული ნაწილი ჰყავს შავ სიაში შეყვანილი.

ტრამპის თქმით, მას "შესანიშნავი საუბრები" ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გეგმავს ორივე მათგანის თეთრ სახლში მიწვევას, "არსობრივი მოლაპარაკების" გასამართად.

ასევე ნახეთ

ბეირუთი ამ ეტაპზე გამორიცხავს მოლაპარაკებას ნეთანიაჰუსთან