- კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან შავი ზღვის დაბინძურება პირველად 7 აპრილს დააფიქსირეს. ამ პერიოდში იქ სწორედ „სოფია“ იმყოფებოდა.
„გამჭვირვალე მსოფლიოს“ ინფორმაციით, ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის მიზეზი და ამ პროდუქტების ზუსტი შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი შეფასებით, ზღვა დაბინძურებულია ნედლი ნავთობით, ან მაზუთით.
რა ტანკერია „სოფია"
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვიორსტკა“ წერს, რომ ტანკერი „სოფია“ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ შედის და სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობით ვაჭრობაშია ჩართული.
ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 2000 წელს აშენებული ტანკერი(ძველი სახელწოდება Sanar‑7), 2025 წლის დასაწყისიდან სანქცირებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, შვეიცარიის, ახალი ზელანდიის და კანადის მიერ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ტანკერი ძირითადად, შავ ზღვაში მოძრაობს. იმყოფებოდა თურქეთის და რუმინეთის პორტებშიც. „სოფია“ დაკავშირებულია სანქცირებულ კომპანია „როუზვუდ შიპინგთან“, რომლის დამფუძნებელი რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე „ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის“ მფლობელი ფირმა „იუგ ენერგოა“.
რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ ძირითადად, მოძველებული და გაუმართავი ტანკერებია. მათი მფლობელები თავს არიდებენ შემოწმებებს და უსაფრთხოების ნორმებს უგულებელყოფენ.
ასევე ნახეთ
შავ ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის გამო 800-მდე ფრინველი დაიღუპარუსეთის კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ შავ ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის მიზეზად დაასახელა სამოქალაქო გემებზე უკრაინული დრონებით შეტევები. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
7 აპრილიდან ერთ კვირაში ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების ლაქა 200 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. შედეგების ლიკვიდაცია იმან გაართულა, რომ ქარის შედეგად ლაქა რამდენიმე ნაწილად დაიყო.
11 აპრილს კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ მიღებული ზომების შედეგად წელს ანაპის ყველა პლაჟი გაიხსნება. გუბერნატორმა ასეთ ზომებად დაასახელა ქვიშის 50-სანტიმეტრიანი ფენების შეცვლა, ან ახალი 50-სანტიმეტრიანი ფენის დაყრა უშუალოდ დაბინძურებულ ადგილებში.
ეკოლოგი ევგენი სიმონოვი ანაპის პლაჟების გახსნის გადაწყვეტილებას ნაადრევს უწოდებს. ეკოლოგის განმარტებით, იდეა, რომ დაბინძურებულ ქვიშას ახალი ფენა დააყარო, პარადოქსულია.
სიმონოვის შეფასებით, მოვლენები ვითარდება 2024 წლის დეკემბრის მსგავსად, როცა ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ნავთობპროდუქტებით დატვირთული ორი რუსული ტანკერის ჩაძირვამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.