რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახური ВЦИОМ-ი (რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სააგენტო) ზედიზედ მეექვსე კვირაა აღნუსხავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობის მიმართ მოწონების მაჩვენებლის კლებას. მონაცემებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და ვარდნის ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება.
17 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 6-დან 12 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, პუტინის მოწონების რეიტინგი 66,7%-ს შეადგენს, რაც წინა კვირასთან შედარებით 1,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. პუტინის ნდობის რეიტინგიც 72%-მდე დაეცა.
ВЦИОМ-ის მონაცემებით, პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ომამდე ბოლო გამოკითხვაში ის უფრო დაბალი იყო (64,3%).
ეცემა „ედინაია როსიას“ მხარდაჭერის
რეიტინგიც მაშინ, როდესაც ВЦИОМ-ის თანახმად, იზრდება დუმის სხვა პარტიების რეიტინგები.
კიდევ ერთმა, სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა - ფონდმა „საზოგადოებრივი აზრი“ - ასევე დააფიქსირა პუტინის რეიტინგის კლება, თუმცა შემდეგ, მისი გამოკითხვების თანახმად, ის კვლავ გაიზარდა.
სოციოლოგიური სამსახურები პუტინის რეიტინგის ვარდნის კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ. ბოლო კვირების განმავლობაში, ინტერნეტის დაბლოკვამ უკმაყოფილება
გამოიწვია, მათ შორის ომის მომხრეთა წრეებშიც. ბლოგერ ვიქტორია ბონიას ვიდეომიმართვამ პუტინისადმი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბონიამ ხალხსა და პუტინს „შორის უზარმაზარი კედლის“ არსებობაზე და იმაზე ისაუბრა, რომ პუტინის ყველას ეშინია, „გუბერნატორებსაც კი“.