რუსეთში კვლავ შეავსეს "უცხოეთის აგენტთა" რეესტრი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კვლავ შეავსო "უცხოეთის აგენტთა" რეესტრი, 18 აპრილი, 2026 წელი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ხუთი პირი დაუმატა "უცხოეთის აგენტების" რეესტრს.

ესენია: მოძრაობა "გოლოსის" ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი ბუზინი; მოძრაობა "ღია რუსეთის" ყოფილი კოორდინატორი ჩუვაშეთში და ლიეტუვაში გამომავალი Delfi-ის ჟურნალისტი, დმიტრი სემიონოვი; ფონდ "თავისუფალი ბურიატეთის" თანადამფუძნებელი, მარია ვიუშკოვა; ქიმიკოსი ალექსანდრ კაბანოვი და აქტივისტი ალექსანდრ კოლოსკოვი.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ვერსიით, რეესტრში შეყვანილი ყველა პირი გამოდიოდა უკრაინაში ომის წინააღმდეგ და "ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას" რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ.

რუსეთში "უცხოეთის აგენტების" კანონი 2012 წელს შემოიღეს. კანონმა იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა არაკომერციული ორგანიზაციები გამოეცხადებინა "უცხოეთის აგენტებად", თუ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ ქმედებებს აწარმოებდნენ. კრიტერიუმს, რომლითაც ამგვარი ქმედებები განისაზღვრება, კანონი მკაფიოდ არ განმარტავს, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს დევნოს განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, უფლებების დაცვის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციები.

შემდგომში შესაძლებელი გახდა "უცხოეთის აგენტებად" მედიასაშუალებების და ფიზიკური პირების გამოცხადება, მათ შორის მათი, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას არ იღებს, მაგრამ "იმყოფება უცხოეთის გავლენის ქვეშ". რას შეიძლება ნიშნავდეს უცხოეთის გავლენა - ამას რუსეთის კანონმდებლობა არ აკონკრეტებს.

ასევე ნახეთ

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ივან ტოლსტოი რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს