ვგმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი

მისი თქმით, „ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია“ დებატებით უნდა ჩანაცვლდეს

„ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებისას დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობისა და მათი დაუსჯელობის შესახებ.

მილიარდერი ექსპრემიერის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც დებატები ორ მხარეს შორის, - რომელთაც სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ, - სრულდება „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის ძახილით“. მისი თქმითვე, პოლარიზაცია „ხელოვნურადაა შექმნილი“.

ცოტნე ივანიშვილს ეს შეკითხვა დაუსვეს შაბათს, 18 აპრილს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე. მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს პოლარიზაციის მაღალ დონეზე, ასევე აქციებზე ნაცემ ახალგაზრდებზე და ამის ფონზე პოლიციელთა დაუსჯელობაზე.

Your browser doesn’t support HTML5

ცოტნე ივანიშვილი

„ძალიან განვიცდი“

„ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა გული ამ თემასთან დაკავშირებით“ - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.

„მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა მან.

ამ საკითხზე დამატებით არ უსაუბრია და შემდეგ პოლარიზაციაზე დაიწყო საუბარი.

ასევე ნახეთ

„რუსულ პოლიტიკაზე საუბარი სასაცილო გახდა“, „მე ვარ რიგითი ახალგაზრდა“ - სანქცირებული მილიარდერი ივანიშვილის ვაჟი

ეს არ არის ცოტნე ივანიშვილის პირველი საჯარო გამოჩენა ან კომენტარი 2024 წლის მოვლენებზე.

  • „ძალადობას, თავისთავად, ვგმობ“, - თქვა ივანიშვილმა 2025 წლის 17 მაისს;
  • მაშინ, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს:„როგორ დაგმეთ ძალადობა? თუნდაც ბოლო მოვლენებისას, - რუსული პოლიტიკის შედეგად ასობით ადამიანი ციხეში რომ ჩასვეს“? - ცოტნე ივანიშვილმა უპასუხა:
  • „რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა, ჩემი აზრით“;
  • „ყველას თავისი აზრი აქვს. დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი აზრები შეიძლება განსხვავებული იყოს. დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

პროკურატურა: სანქცირებულია 300-მდე მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკოსი, ბიზნესმენი 

2024 წლის 28 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას; დემონსტრაციები ძალის გამოყენებით ჩაახშეს. არაერთ ჟურნალისტს ძალადობით შეუშალეს ხელი საქმიანობაში.

დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე, როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო პასუხისგებაში ხელისუფლებას არავინ მიუცია.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მათ, ვისაც უწოდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.

„დისკუსია - უალტერნატივო გამოსავალი“

დღესვე ცოტნე ივანიშვილმა უპასუხა იმავე კითხვის მეორე ნაწილს პოლარიზაციასთან დაკავშირებით და პოლარიზაციას „ხელოვნური“ უწოდა. „რაც შეეხება შეკითხვას პოლარიზაციასთან დაკავშირებით, - ცოტა ჩავშალოთ. მგონია, რომ პოლარიზაციიდან უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია“.

„ახლა დავფიქრდი, როდესაც შენ საუბრობდი და მგონია, რომ პოლარიზაციიდან, ზოგადად, საუკეთესო და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა“, - თქვა მან.

ამისთვის მან ერთი წინაპირობა დაასახელა: „მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, - მეორე მხარესთან, ასე ვთქვათ, - გვაერთიანებდეს ერთი, საერთო პოსტულატი, ერთი, საერთო ღირებულებები, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია“.

„თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია.

და პირიქით, - როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან, ჩემი აზრით, საუბარს აზრი არა აქვს, სამწუხაროდ“, - თქვა მან.

არ დაუზუსტებია, ვისზე ფიქრობს, რომ „ქვეყანაში ცუდი“ ახარებს.

„ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცი“

„თუ გვაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს, ვთქვათ, „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხს „საკმაოდ ოპტიმისტურად“ უყურებს: „თუნდაც ეს შეხვედრაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის“.

ასევე ნახეთ

დებატები დებატებზე

„დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და, შესაბამისად, მოვახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს, ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ“, - თქვა მან.

შეკითხვა ცოტნე ივანიშვილს

შეკითხვა, რომელიც ცოტნე ივანიშვილს კონფერენციის მონაწილე ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა დაუსვა, ასე იყო ფორმულირებული:

„ამ დარბაზში ვხედავ ცოტნე ივანიშვილს. მინდა, რომ პირველ რიგში მას დავუსვა ჩემი შეკითხვა. იმედია ყველამ ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს პოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. პოლარიზაციის ეს დონე უფრო მეტად გამოხატული არის ახალგაზრდებში. გვყავს ძალიან ბევრი აქციებზე ნაცემი და დაზარალებული ახალგაზრდები. ძალიან გული მტკივა ამ ყველაფერზე, რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ამის ფონზე ვერ ვხედავთ ვერცერთ დასჯილ დამნაშავეს ძალოვანი სისტემიდან.

მე მაინტერესებს, როგორ უყურებს ცოტნე ამ პოლარიზაციის შემცირების გზებს და როგორ ფიქრობ, ამ დამსჯელობის შეგრძნებას რამე გამოსავალი აქვს, თუ ესე უბრალოდ თქვენთვის ჩვეულებრივი და მისაღებია“?

ცოტნე ივანიშვილი საჯაროდ

ცოტნე ივანიშვილი რამდენჯერმე გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებებზე.

მათ შორის, ესწრებოდა ორგანიზაციის ყრილობას 2025 წლის 26 დეკემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ 36 წლის ყოფილი ძიუდოისტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.

„მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას“, - თქვა მაშინ ცოტნე ივანიშვილმა.

2025 წლის 17 მაისს, - როდესაც თბილისში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავდნენ, - პარლამენტის გვერდით ჟურნალისტებთან რამდენჯერმე გაიმეორა: „მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ“, „აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა“.