კიევი: წუხელ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 236 დრონი გაუშვა, არიან დაღუპულები

მაშველები ხარკოვში რუსეთის ჯარების იერიშის შემდეგ. 19 აპრილი, 2026.

18-19 აპრილის ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინის მიმართულებით გაუშვეს 236 დრონი, რომელთაგან 203 ნეიტრალიზებულ იქნა, იტყობინებიან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები.

„დაფიქსირდა 32 მოიერიშე დრონის მოხვედრა, რომლებიც 18 ადგილს დაესხნენ თავს, ასევე ნამსხვრევების ჩამოვარდნა რვა ადგილზე“, ნათქვამია განცხადებაში.

ჩერნიგოვში თავდასხმის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევების გაწმენდისას იპოვეს. ბოლო ინფორმაციით, კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.

„ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. დაზიანდა ლიცეუმი და კერძო სახლები. დარტყმები მოხდა სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელიც არ ფუნქციონირებდა და ფაქტობრივად განადგურებული იყო რუსების მიერ 2022 წელს“, წერს ჩაუსი.

კვირას დილით, ხერსონის ცენტრალურ რაიონში დრონი მანქანას მოხვდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა, დააზუსტა, რომ დაღუპულია 56 წლის მამაკაცი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ბოლო კვირაში გაუშვეს 2360-ზე მეტი მოიერიშე დრონი, 1320-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და თითქმის 60 რაკეტა.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების გაგრძელება არ შეესაბამება ომისა და დიპლომატიის რეალურ ვითარებას და კვებავს რუსეთის ხელმძღვანელობის ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შესაძლებელია“, დაწერა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ზღვაშია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 110-ზე მეტი ტანკერი. „მათ გადააქვთ 12 მილიონ ტონაზე მეტი რუსული ნავთობი, რომლის გაყიდვაც, სანქციების შემსუბუქების წყალობით, კვლავ შეიძლება უარყოფითი შედეგების გარეშე. ეს არის 10 მილიარდი დოლარი - რესურსი, რომელიც პირდაპირ კონვერტირდება უკრაინაზე ახალ დარტყმებად“, დასძინა მან.

8 აპრილს შეერთებულმა შტატებმა დროებით კვლავ გააუქმა სანქციები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე, რომლებიც უკვე დატვირთული იყო გემებზე. ნებართვა ძალაშია 16 მაისამდე და ვრცელდება მხოლოდ იმ ნავთობზე, რომელიც ტრანზიტში იმყოფება. ახალი ლიცენზია ცვლის წინა ლიცენზიას, რომლის ვადა 11 აპრილს ამოიწურა და აღარ განახლებულა.

ასევე ნახეთ

ლავროვი: უკრაინასთან მოლაპარაკება არ არის "პრიორიტეტი ნომერი ერთი"