უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ დღეს, 20 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოპერაცია 18-დან 19 აპრილის ღამით ჩაატარა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფმა „მოჩვენებები“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ანექსირებულ სევასტოპოლში დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო გემებს „იამალი“ და „ნიკოლაი ფილჩენკოვი“. სამხედრო დაზვერვის თანახმად, ორივე გემი, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებდა, მწყობრიდანაა გამოსული.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს რუსულ სადესანტო გემებზე დარტყმას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადესანტო გემებზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა 19 აპრილს დაადასტურა, რომ ქალაქზე დრონებით შეტევა იყო. მისი მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ხანძარი გაუჩნდა რეზერვუარს, სადაც საწვავის ნარჩენები იყო.
20 აპრილს, მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გემებზე დარტყმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, ანექსირებულ სევასტოპოლში მცხოვრებმა, ე.წ. სამხედრო ბლოგერმა ბორის როჟინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ გემებმა გარკვეული ზიანი მიიღეს.
ასევე ნახეთ
ორი ფლაგმანი ოთხ წელში: როგორ კარგავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თავის მთავარ გემებს- 6 აპრილს უკრაინამ განაცხადა, რომ უპილოტო აპარატებით დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემს, „ადმირალ მაკაროვს“.