სუსი ამბობს, რომ 2025 წელს კორუფციის ფაქტებზე მიიღეს 156 მამხილებელი შეტყობინება

2018 წელს თბილისში განთავსებული ქუჩის ნახატი კორუფციის თემაზე - არტისტი გიორგი გაგოშიძე

მოკლედ

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლიურ ანგარიშში წერს, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2025 წელს სხვადასხვა დანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.
  • 2025 წელს სისხლის სამართლის 8 საქმეზე, სახელმწიფოს დაუბრუნდა დანაშაულის გზით მოპოვებული 1 086 410 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები.
  • სუსი ირწმუნება, რომ კორუფციული დანაშაულების გამოვლენაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოქალაქეების ჩართულობა და მამხილებლების შეტყობინებები.
  • მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიებების წილი სხვადასხვა წელს 27-დან 50%-მდე მერყეობს.
54 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 ადამიანი ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა ქრთამის აღება/მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - წერს სუსი ანგარიშში.

მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წელი განსაკუთრებული არ ყოფილა არც კორუფციის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების სიმრავლით და არც დაკავებული სახელმწიფო მოხელეების რაოდენობით.

განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა მამხილებელთა მიერ გაკეთებული შეტყობინებების რაოდენობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა მათ საფუძველზე დაწყებული გამოძიებების რიცხვი მკვეთრად არ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს ამ საფუძვლით. 66 მამხილებლის მიერ 2025 წელს მიწოდებულ ინფორმაციას უწყება ჯერ კიდევ სწავლობს.

ზოგადად, მამხილებელთა ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიებების მაჩვენებელი სხვადასხვა წლებში 27-დან 50%-მდეა. ყველაზე მაღალი წილი მამხილებლების ინფორმაციაზე დაწყებულ გამოძიებებს საერთო გამოძიებებში 2024 წელს ჰქონდა და ეს იყო 47%.

2025 წელი ქართული პოლიტიკისთვის გამორჩეული იყო მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავებებით.

2025 წელსვე სახელმწიფომ მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ

ანტიკორუფციული ბიურო: გზა ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გაუქმებამდე