ტრამპმა გაახანგრძლივა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადა

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი (არქივის ფოტო)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა გაახანგრძლივოს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რის საფუძვლადაც ასახელებს პაკისტანის თხოვნას თეირანისთვის დროის დამატებაზე, ირანელების მიერ ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

21 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის და ფელდ მარშალ ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერმინისტრ შეჰბაზ შარიფის მოთხოვნით, გვთხოვეს ირანზე თავდასხმა შევაჩეროთ მანამდე, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები მოახერხებენ ერთობლივი წინადადების წარმოდგენას. ამიტომ, ჩვენს სამხედროებს მივეცი მითითება გააგრძელონ ბლოკადა და ყველა მხრივ შეინარჩუნონ მზადყოფნა და დარჩნენ ქმედით მდგომარეობაში. ამიტომ გავაგრძელებ ცეცხლის შეწყვეტას იმ დრომდე, სანამ არ იქნება წარმოდგენილი მათი წინადადება და ასე თუ ისე არ დასრულდება დისკუსიები“.

ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველმა განაცხადა, რომ „ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება ნამდვილად მოულოდნელი დარტყმის განსახორციელებლად დროის მოსაგები ხრიკია. ირანმა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს“.

ასევე ნახეთ

ირანი თანახმაა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება გააგრძელოს - მედია

თეირანისთვის დამატებითი დროის მიცემაზე აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პაკისტანში გამგზავრების გადადებაც. ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს.

სამშაბათს გამოცემა „პოლიტიკო“, ახლო აღმოსავლეთიდან ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, წერდა, რომ ირანი უარს აცხადებდა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ისლამაბადში ჯგუფის გაგზავნაზე, სანამ დონალდ ტრამპი არ მოხსნიდა ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადას.

ტრამპმა 21 აპრილს მიანიშნა, რომ ირანთან უმაღლესი დონის მოლაპარაკებები „მალე“ განახლდებოდა, თუმცა გარკვევით არ უთქვამს როდის ან თუ გაემგზავრებოდა ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პაკისტანში.

ვენსის ვიზიტის გადადება თეთრმა სახლმა მოგვიანებით დაადასტურა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ სურდა ირანთან ცეცხლის დროებითი შეწყვეტის გაგრძელება, რომლის ვადაც 22 აპრილს იწურებოდა.