უკრაინამ დასრულებულად გამოაცხადა „დრუჟბის“ რემონტი

ნავთობსადენ „დრუჟბის“ მიმღები სადგური უნგრეთის ტერიტორიაზე (არქივის ფოტო).

უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბის“ დაზიანებული მონაკვეთის რემონტი დაასრულა და ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს კრედიტის განბლოკვას ელოდება. კრედიტი უნგრეთმა დაბლოკა მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინამ დაასრულა რუსეთის დარტყმით დაზიანებული „დრუჟბის“ სარემონტო სამუშაოები და მისი ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებელია.

ამასთან, ზელენსკის თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმები არ განმეორდება.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, კიევი „დრუჟბის“ შეკეთებას უკავშირებს ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტის განბლოკვას.

„დრუჟბა“ რუსეთის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემაა. რუსეთიდან მილსადენის ერთი, ჩრდილოეთის მონაკვეთი გადის ბელარუსის, პოლონეთის, გერმანიის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე, ხოლო სამხრეთის - უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და ხორვატიის.

ასევე ნახეთ

ომი, ნავთობი და „მეგობრობა“ - უკრაინისგან "დრუჟბის" შეკეთებას ითხოვენ
  • მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება 2026 წლის იანვრის ბოლოდან შეწყდა.
  • კიევმა განაცხადა, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა.
  • უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა ვიქტორ ორბანმა და რობერტ ფიცომ უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად, პოლიტიკური მიზნებით გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. კიევი ამას უარყოფდა.
  • „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა და სლოვაკეთმა 23 თებერვალს დაბლოკეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი. უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფაც.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც უნგრეთს და სლოვაკეთს არაერთხელ მოუწოდებდა რუსული ნავთობის შეძენაზე უარი ეთქვათ, 14 აპრილს განაცხადა, რომ მილსადენი თვის ბოლომდე ამუშავდებოდა. ორი დღით ადრე უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი" დამარცხდა ოპოზიციურ პარტია „ტისასთან" პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით.

ასევე ნახეთ

„ისიც შეიძლება რთული იყოს“ - ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც ვიქტორ ორბანი დაამარცხა?

უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ როგორც კი ნავთობის მიწოდება აღდგება, უკრაინისთვის კრედიტის გაცემას წინააღმდეგობას აღარ გაუწევენ.

სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინა „დრუჟბით“ რუსული ნავთობის ტრანზიტს 22 აპრილს, დღის მეორე ნახევარში განაახლებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა 21 აპრილს იმედი გამოთქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის საკითხი დადებითად გადაწყდება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

ასევე ნახეთ

როგორ გადაიქცა "დრუჟბა" იარაღად - მორიგი არამეგობრული დაპირისპირება უკრაინასა და უნგრეთს შორის