მოკლედ
- შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია აქტივისტ ალბი კორძაიას მიერ 21 აპრილს ფეისბუკზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია სხვა ქალის შესახებ, რომელიც ჭოხონელიძემ გააუპატიურა.
- თავად ჭოხონელიძე ბრალდებას უარყოფს და აპირებს კორძაიას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.
- შსს არ პასუხობს დამატებით კითხვებს გამოძიების დაწყების დროის და უკვე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
"ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის 100%-ით მჯერა, რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი" - დაწერა ბოლო წლებში საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილე ალბი კორძაიამ 21 აპრილს ფეისბუკის პირად გვერდზე და მოჰყვა სამი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც მას პირადად გადახდა. მისი მონათხრობის მიხედვით, 2023 წელს, ორგანიზაცია ნაბიჯის ოფისში მეგობრებთან ერთად მისულს ერთ-ერთ ოთახში პუფზე ჩაეძინა, მას შემდეგ რაც იქ მყოფებთან ერთად რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი მიიღო და გამოაღვიძა შეგრძნებამ, რომ ვიღაც სხეულზე ეხებოდა.
"დავინახე, რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები, ალბათ. გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით.
იმის მერე მეზიზღება ეგ ბიჭი და პირად შურისძიებაში გადავიდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდება" - წერს აქტივისტი. მისი ამ პოსტის პასუხად ლუკა ჭოხონელიძემ თქვა, რომ არავის მისცემს უფლებას, შელახონ მისი ღირსება. ფეისბუკზე ამავე თემაზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ალბი კორძაიას პოსტის გამოქვეყნების დრო დაემთხვა მის ტელეფონზე ზარს მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტისგან. რუსთავი ორს ჭოხონელიძემ უთხრა, რომ ჰქონდა ეჭვი, რომ ალბი კორძაიას თავდასხმა "ორგანიზებული" იყო.
"სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში, ჩემს ინტერესშია. სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა - სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ, ნებისმიერზე" - დაწერა ლუკა ჭოხონელიძემ. რამდენიმე საათში მან ასევე თქვა, რომ იძულებულია სასამართლოში უჩივის ცილისწამებაზე ალბი კორძაიას და აღნიშნა, რომ ეს "არჩევანი იძულებითია."
"ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება შემაცვლევინოს ალბის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდების უარყოფაა. ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ. არაფერში მჭირდება" - წერს ლუკა ჭოხონელიძე.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ალბი კორძაიამ, ის გამოძიებას ჯერ არ გამოუკითხავს. ლუკა ჭოხონელიძეს კი შსს-ს ცნობით, გამოკითხვაზე დღეს, ანუ 22 აპრილს დაიბარებენ.