სუსი ამბობს, რომ დააკავეს უცხო ქვეყნის ჯაშუში - რომელი ქვეყნის, ეს არ კონკრეტდება

დაკავებულის გამოსახულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებიდან

მოკლედ

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა და ითქვა, რომ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, ორ სხვა პირს კი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი იმავე დანაშაულისთვის.
  • გამოძიების ვერსიით, ჯაშუშობაში ბრალდებულები ფულის სანაცვლოდ აგროვებდნენ ინფორმაციას სტრატეგიული ობიექტების და სამართალდამცავი სტრუქტურების შესახებ.
  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ფონია საკადრო ცვლილებები სუსში - 21 აპრილს უწყების ხელმძღვანელი შეიცვალა და სუსს მამუკა მდინარაძის ნაცვლად, ყოფილი შს მინისტრი გელა გელაძე ხელმძღვანელობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ ბრალდებულები. ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიება "ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა".

"სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი", - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულზე.

უწყების ვერსიით, დაკავებულს დავალებული ჰქონდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის შეეგროვებინა ინფორმაცია.

– საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.

– საქართველოში სტრატეგიული ობიექტების – მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს იმ ორ მოქალაქეზე, რომლებსაც დაუსწრებლად წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება, გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.

ასევე ნახეთ

გელაძე სუსის უფროსად, თამაზაშვილი შს მინისტრად, მდინარაძე ვიცე-პრემიერად ინიშნებიან - სამთავრობო ცვლილებები