უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ბაჩო (ელგუჯა) ბებია

ბაჩო (ელგუჯა) ბებია

32 წლის ბაჩო (ელგუჯა) ბებია ნიკოლაევში 20 აპრილის გამთენიისას იმ შენობის დაბომბვისას დაიღუპა, სადაც დაახლოებით ათ თანამებრძოლთან ერთან იმყოფებოდა, ეუბნება რადიო თავისუფლებას ბაჩო ბებიას ბიძაშვილი თამარ ნოდია.

"როგორც კი დაიწყო ომი, ბაჩო მოხალისეობრივად წავიდა. სულ ამბობდა, ერთხელ უკვე დევნილი ვარ და სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, არ დავტოვებ ჩემს საცხოვრებელსო", - იხსენებს მამიდაშვილის სიტყვებს თამარ ნოდია.

ბაჩო ბებია სოხუმიდან დევნილი იყო, ბოლო წლებში ის ოდესაში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, მანამდე კი, დაახლოებით 11 წელი, ზუგდიდში.

"იქ [ოდესაში] ქართულ ანსამბლში ცეკვავდა, იყო კრივით დაკავებული და 2020 წლიდან აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში", - ამბობს თამარ ნოდია.

ბაჩოს უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.

იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ ჩაერთო და ბოლოს უფროსი ოფიცრის წოდება ჰქონდა. ბოლო პერიოდში იგი საბრძოლო მოქმედებებში დრონებს მართავდა.

ბაჩო ბებიას მიღებული ჰქონდა უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის „გაბედულთა ჯვარი“ (Хрест хоробрих) და „უკრაინის დამცველის“ მედალი (Медаль «Захиснику Вітчизни»).

ბაჩო ბებიას სამხედრო ჯილდოები

ამჟამად მებრძოლის ცხედარი გადასვენებულია ოდესაში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

კვირას, 26 აპრილს, ბაჩო ბებიას საქართველოში ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მას ზუგდიდში დაკრძალავენ.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა 2022 წლის 18 მარტს გავრცელდა.

უკრაინაში ომში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.