სახელმწიფო ტელევიზიამ ღამით გადასცა კადრები, რომლებშიც ნიღბიანი, შეიარაღებული ჯარისკაცები ჩქაროსნული ნავით ხომალდ MSC Francesca-ს გვერდით ჩერდებიან და თოკის კიბით ადიან მასზე. ასევე გავრცელდა კიდევ ერთი გემის, Epaminondas-ის კადრები. ირანმა განაცხადა, რომ ორივე გემი 22 აპრილს დააკავა და სრუტის ნებართვის გარეშე გადაკვეთის მცდელობაში დაადანაშაულა.
ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჰამიდრეზა ჰაჯიბაბაიმ თქვა, რომ სრუტით მოსარგებლე გემებიდან მიღებული გადასახადიდან პირველი შემოსავალი ირანის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე გადაირიცხა. მას არ დაუზუსტებია, ვინ გადაიხადა ეს გადასახადი, როდის ან რამდენი.
ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ განაცხადა, რომ სრუტეში თავდასხმის სამიზნე სავაჭრო გემები „კანონის სამიზნე გახდა“. ირანის სწრაფმავალი ნავები და საზღვაო დრონები სრუტის შესართავთან მდებარე კუნძულთან ზღვის გამოქვაბულებში იმალებოდნენ და აშშ-ის საზღვაო ძალების მოახლოებას უშლიდნენ ხელს.
ასევე ნახეთ
ტრამპმა გაახანგრძლივა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადაირანი, რომელმაც თებერვალში აშშ-სა და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ სრუტე ფაქტობრივად გადაკეტა და მხოლოდ საკუთარ და ზოგიერთი სახელმწიფოს გემებს ატარებდა, საზღვაო გზას აკონტროლებს მას შემდეგ, რაც 21 აპრილს, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა.
თეირანი აცხადებს, რომ არ განიხილავს სრუტის - რომლის გავლით მსოფლიო ბაზარს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედი მიეწოდება, - გახსნას მანამ, სანამ აშშ არ მოხსნის ირანის გემების მიმართ დაწესებულ ბლოკადას. ვაშინგტონმა ეს გადაწყვიტა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, თეირანი კი ამ ქმედებას ზავის დარღვევად მიიჩნევს.
აშშ-ის სამხედროებმა აზიის წყლებში ირანის დროშით მცურავი, სულ მცირე, სამი ტანკერი დააკავეს, - განაცხადეს საზღვაო და უსაფრთხოების წყაროებმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 აპრილს, ცეცხლის შეწყვეტის ბოლო საათებში ირანზე თავდასხმების განახლების მუქარა გააუქმა, თუმცა ბლოკადის მოხსნაზე უარი თქვა. ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალური გაგრძელება არ მომხდარა და შემდგომი მოლაპარაკებების გეგმები არ გამოცხადებულა.
პაკისტანის მთავრობის წყაროს ცნობით, პაკისტანს, რომელმაც ამ თვის დასაწყისში ერთადერთ სამშვიდობო მოლაპარაკებას უმასპინძლა და მეორე რაუნდის მასპინძლობისთვის ემზადებოდა, სანამ ის გაუქმდებოდა, ორივე მხარესთან კვლავ ჰქონდა კონტაქტი.
პაკისტანის წყაროს ცნობით, ირანელი ოფიციალური პირები კვლავ უარს ამბობენ დელეგაციის გაგზავნაზე, აშშ-ის ბლოკადასა და სხვა მიზეზებზე დაყრდნობით.
ირანმა საჯაროდ განაცხადა, რომ პრინციპში მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აშშ-ის ბლოკადამ და ვაშინგტონის არათანმიმდევრულმა მოთხოვნებმა შეუძლებელი გახადა ვალდებულების აღება.
„თქვენ ვერ მიაღწიეთ თქვენს მიზნებს სამხედრო აგრესიით და ვერ მიაღწევთ მათ დაშინებით, - დაწერა მოლაპარაკებაზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა სოციალურ მედიაში, - ერთადერთი გზა ირანელი ხალხის უფლებების აღიარებაა“.