იტალია უარყოფს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაცვლად მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და "ფიფას" პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო (არქივი)

იტალიამ უარყო ინფორმაცია, რომ მისი ეროვნული ნაკრები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაცვლად მიიღებს მონაწილეობას. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას, "ფიფას", ამ საკითხის განხილვას სთხოვა.

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა პაოლო ზამპოლიმ Financial Times-ს განუცხადა, რომ "ოცნება იქნებოდა" ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებული იტალიის ნახვა ფინალურ ეტაპზე, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, იმის მიუხედავად, რომ მან გასულ თვეში საკვალიფიკაციო მატჩი წააგო.

თუმცა იტალიური საინფორმაციო სააგენტოების, ANSA-სა და AGI-ის ცნობით, სპორტის მინისტრმა ანდრეა აბოდიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ იტალიის დაბრუნება "პირველ რიგში, შეუძლებელია; მეორეც, მიუღებელია, რადგან საგზური მოედანზე უნდა მოიპოვო".
ამ მოსაზრებას იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლუჩიანო ბუნფილიოც შეუერთდა.

"მე შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს. მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილი უნდა დაიმსახურო", - განაცხადა მან.

რომში ირანის საელჩომ საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს წინადადება აშშ-ის "მორალური გაკოტრების" მაჩვენებელია და რომ იტალიას ფეხბურთში თავისი სიდიადის საჩვენებლად "პოლიტიკური პრივილეგიები" არ სჭირდება.

FT-ის ცნობით, ეს იდეა ტრამპსა და ჯორჯა მელონის შორის ურთიერთობის აღდგენის მცდელობა იყო მას შემდეგ, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტს დაუპირისპირდა ირანის ომთან დაკავშირებით, პაპ ლეონ XIV-ის კრიტიკის საპასუხოდ ტრამპის პაპზე თავდასხმის გამო.
"ვადასტურებ, რომ ტრამპს და ("ფიფას" პრეზიდენტ ჯანი) ინფანტინოს მივმართე, რომ იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე ირანი შეეცვალა. მე იტალიელი ვარ და ჩემთვის ოცნება იქნებოდა Azzurri-ის (იტალიის ნაკრების) ხილვა აშშ-ის მასპინძლობით გამართულ ტურნირზე. ოთხი ტიტულით მათ აქვთ ისეთი დიდებული ისტორია, რომელიც მათ მონაწილეობას ამართლებს", - განაცხადა ზამპოლიმ.

დონალდ ტრამპმა წელს მარტში ირანის საფეხბურთო ნაკრები გააფრთხილა, რომ მათი „სიცოცხლე და უსაფრთხოება“ შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ იქნებიან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. „ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მისასალმებელია, მაგრამ მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მათი იქ ყოფნა მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილია“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში, 13 მარტს.

იტალიას მსოფლიო ჩემპიონატი ოთხჯერ აქვს მოგებული.