უცნობია მიზეზი, რის გამოც პენიტენციურმა რატიანი „მომეტებული რისკის“ პატიმრად მიიჩნია - ამბობს ადვოკატი

ზვიად რატიანი იუსტიციის მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საპატიმროში პირობებს უმკაცრებენ - ციხის ადმინისტრაციამ მას სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის პირობებში განუსაზღვრა.

ამის შესახებ მან ციხიდან იუსტიციის მინისტრისთვის, პაატა სალიასთვის, გაგზავნილ წერილში ისაუბრა. იუსტიციის სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ გადაწყვეტილება „საფრთხებზე“ (რომელიც არ დააკონკრეტა) დაყრდნობით მიიღო.

ასევე ნახეთ

„პატიმრობა, ჩემივე პროექტი იყო“: ზვიად რატიანის ინტერვიუ საკნიდან

„6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა...

რა უნდა ყოფილიყო ცვლილების მიზეზი, რა ხილვა, რა გამოცხადება ეწვიათ ასეთი, რომ მანამდე შეუმჩნეველი რისკები განჭვრიტეს და დაგვიანებით, მაგრამ აღკვეთეს...

როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი“, - წერს ზვიად რატიანი წერილში.

ასევე ნახეთ

ზვიად რატიანის ღია წერილი პაატა სალიას

„არაფერი უძღოდა წინ“

პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საპატიმრო პირობების გამკაცრებას რაიმე წინაპირობა არ ჰქონია, პატიმარს არც ჩხუბი არ მოსვლია.

„მიზეზი არ არის დასაბუთებული - მარტივად რომ ვთქვათ, დირექტორის მიერ გამოცემული ერთწინადადებიანი ბრძანებაა, რომელშიც კანონის მუხლია მითითებული.

არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, არაფერი არ უძღოდა წინ. ნორმალურად მიდიოდა სასჯელის მოხდის პერიოდი. ჩვენთვისაც და ზვიადისთვისაც გამაოგნებელი აღმოჩნდა“, - ამბობს ჩუთლაშვილი.

თავად ზვიად რატიანი მისთვის პირობების გამკაცრებას ასეთ ახსნას უძებნის:

„ციხის იმ თანამშრომლებთან, ვისთანაც მიწევდა და მიწევს ურთიერთობა, არათუ კონფლიქტი, მცირედი გაუგებრობაც არასდროს მქონია. არც მოუციათ საბაბი...

ვიფიქრე, ციხე პირთამდე გადაიტვირთა, ისღა დარჩენიათ, პატიმრების ნაწილს აღკვეთის რეჟიმი დაუმძიმონ და ასე შეამცირონ პაემნების საერთო რაოდენობა მეთქი“.

ადვოკატი განმარტავს, რომ ოქმი, რომლის საფუძველზეც პოეტს მომეტებული რისკი აქვს განსაზღვრული, საიდუმლო დოკუმენტად ითვლება, თუმცა სასამართლოს შეუძლია მისი გაცნობა.

რა შეიცვალა?

ადვოკატი განმარტავს, რომ ზვიად რატიანს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში არ გადაიყვანენ - მას „გლდანის ციხეში“ დამატებით შეზღუდვებს დაუწესებენ, შეუმცირებენ პაემნების რაოდენობასა და ხანგრძლივობას. იგივე წესი გავრცელდება სატელეფონო ზარებზეც.

„საპატიმრო არ იცვლება. დაბალი რისკის მქონე პატიმარს სხვა რეჟიმი აქვს და მომეტებული რისკების შემთხვევაში - სხვა“, - ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი.

„ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება სინდისის პატიმარს“

„პენ საქართველო“ და ქართველი მწერლები, გამომცემლები და ლიტერატორები მიიჩნევენ, რომ „ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება სინდისის პატიმარს, პოეტ ზვიად რატიანს“ და გმობენ მისთვის საპატიმრო რეჟიმის შეცვლას.

„მისი უკანონო პატიმრობა აუცილებლად დარჩება ქვეყნის ისტორიაში, როგორც უკიდურესად სამარცხვინო ფურცელი“, - წერია ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და ლიტერატორების ღია წერილში, რომელიც ღიაა ხელმოწერებისთვის.

ზვიად რატიანის საქმე

ასევე ნახეთ

საერთაშორისო პენცენტრი პოეტ ზვიად რატიანის გათავისუფლებას ითხოვს