„საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური არ განმარტავს, კონკრეტულად რა ინფორმაციას დაეყრდნო.
დამატებით, უწყების განცხადებაში წერია, რომ "გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.“
„გაუგებარია, რა საფრთხეზეა საუბარი“
ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ ესაუბრა ზვიად რატიანის ადვოკატს, ქეთი ჩუთლაშვილს. ადვოკატის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რა საფრთხეებზე მიანიშნებს უწყება და დამატებით განმარტებას ითხოვს.
„ეს განმარტება არ არის დასაბუთებული - გაუგებარია, რა უსაფრთხოების რისკებზეა საუბარი“, - ამბობს ადვოკატი და დამატებით განმარტავს, რომ პოეტის „მომეტებული რისკის“ პატიმრად მიჩნევა, მას სხვა პატიმრებთან კომუნიკაციის შეზღუდვასთან ერთად სხვა შეზღუდვებსაც უწესებს - „არსებითად ეზღუდება პაემნების ჯეროვნად გამოყენება, ასევე სატელეფონო საუბარი“.
„მომეტებული რისკი“
ზვიად რატიანს, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხის ადმინისტრაციამ სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის პირობებში განუსაზღვრა.
ასევე ნახეთ
უცნობია მიზეზი, რის გამოც პენიტენციურმა რატიანი „მომეტებული რისკის“ პატიმრად მიიჩნია - ამბობს ადვოკატი„6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა...
რა უნდა ყოფილიყო ცვლილების მიზეზი, რა ხილვა, რა გამოცხადება ეწვიათ ასეთი, რომ მანამდე შეუმჩნეველი რისკები განჭვრიტეს და დაგვიანებით, მაგრამ აღკვეთეს...
როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი“, - წერს ზვიად რატიანი წერილში.
რა შეცვალა სტატუსმა?
ადვოკატი განმარტავს, რომ ზვიად რატიანს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში არ გადაიყვანენ - მას „გლდანის ციხეში“ დამატებით შეზღუდვებს დაუწესებენ, შეუმცირებენ პაემნების რაოდენობასა და ხანგრძლივობას. იგივე წესი გავრცელდება სატელეფონო ზარებზეც.
„საპატიმრო არ იცვლება. დაბალი რისკის მქონე პატიმარს სხვა რეჟიმი აქვს და მომეტებული რისკების შემთხვევაში - სხვა“, - ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი.
„ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება სინდისის პატიმარს“
„პენ საქართველო“ და ქართველი მწერლები, გამომცემლები და ლიტერატორები მიიჩნევენ, რომ „ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება სინდისის პატიმარს, პოეტ ზვიად რატიანს“ და გმობენ მისთვის საპატიმრო რეჟიმის შეცვლას.
„მისი უკანონო პატიმრობა აუცილებლად დარჩება ქვეყნის ისტორიაში, როგორც უკიდურესად სამარცხვინო ფურცელი“, - წერია ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და ლიტერატორების ღია წერილში, რომელიც ღიაა ხელმოწერებისთვის.
ზვიად რატიანის საქმე
- პოეტი ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
- პროკურატურა აცხადებდა, რომ 22:30 საათზე ზვიად რატიანი მიუახლოვდა რუსთაველზე მდგარ სამ პოლიციელს და ჰკითხა, ქალი რომ არის ციხეში, თუ მოგწონთო (იგულისხმებიან ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და მაშინ ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი).
- შემდეგ იკითხა, მათგან რომელი იყო ხელმძღვანელი და ხელი გაარტყა თემურ მეშველაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს.
- ზვიად რატიანი ადგილზევე დააკავეს.
- მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 9 ოქტომბერს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
- 2026 წლის 16 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.