შანხაი-თბილისი: ჩინური ავიაკომპანია რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს

ჩინური ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს შეასრულებს 15 ივლისიდან, შანხაი-თბილისის მარშრუტზე - საილუსტრაციო ფოტო არქივიდან.

15 ივლისიდან კვირაში სამჯერ შესრულდება პირდაპირი ავიარეისები შანხაისა და თბილისს შორის - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომელიც, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში მართავდა შეხვედრებს.

„ამ ვიზიტის ფარგლებში დავასრულეთ ხანგრძლივი და გრძელვადიანი მოლაპარაკებები China Eastern-ის ავიაკომპანიასთან. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიაფრენების დაწყება დემონსტრირებაა, „რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ისევე როგორც ეკონომიკური კავშირები“; აღნიშნავს, რომ ავიაფრენები პირველ რიგში ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

„China Eastern Airlines“-ი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა.

ეკონომიკის სამინისტრო ჩინეთში ვიზიტს სხვა მხრივაც მნიშვნელოვანსა და შედეგიანს უწოდებს.

ჩინეთის კომერციის მინისტრთან ერთად, მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა “თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას”, რაც, მისი თქმით - “კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს”. ეკონომიკის სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს ინვესტიციების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებს.

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ვიდეოში მინისტრი არ ახსენებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. მანამდე, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეკონომიკის მინისტრის ჩინეთის ვიზიტის ფარგლებში "ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის ანაკლიის თემაზეც".

"ესეც არის, ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება" - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან, 23 აპრილს და დასძინა, რომ "უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით".

2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს. თუმცა ამ დროის მონაცემებით, ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა.

  • 2025 წლის აპრილში, აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“ [“ჰელსინკის კომისია”] მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თუ ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, ეს იქნება სტრატეგიულ აქტივის დათმობა იმ ქვეყნის მთავრობისთვის [ჩინეთი], რომელიც არ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და არ აღიარებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას.

ასევე ნახეთ

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის თქმით, სიახლეები იქნება

ასევე ნახეთ

ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანით