ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა ერთ წლამდე პატიმრობაზე მიუთითებს

“სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” - აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის თანახმად, მუქარის “განხორციელების ფაქტზე” ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინეს.

„24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”, - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

გრიგორიადისს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, “როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში”.

“სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” - აცხადებს პროკურატურა.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაული “ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ”.

დაკავების შესახებ ინფორმაცია ლაზარე გრიგორიადისის ოჯახს 24 აპრილს საღამოს შეატყობინეს, თუმცა დეტალები მათთვის ამ დრომდე უცნობია. რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, ვინ დაიცავს გრიგორიადისის უფლებებს. ერთ-ერთმა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ - ოჯახმა მიმართა, თუმცა დროის უქონლობის გამო, დაცვის ფუნქციას ვერ შეასრულებს.

ასევე ნახეთ

პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა

რადიო თავისუფლებას ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრმა 24 აპრილს უთხრა, რომ ის საქართველოში ხუთი დღის წინ ჩამოვიდა და 23 აპრილის ღამეს პირველად გავიდა სახლიდან.

ლაზარე გრიგორიადისი ორი წლის წინაც იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით. მას გამოძიება 2023 წლის მარტში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა.

2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2024 წლის 24 აპრილს, ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

მას შემდეგ, ლაზარე გრიგორიადისი კიდევ რამდენიმეჯერ დააკავეს, საპროტესტო აქციების ფარგლებში, ადმინისტრაციული წესით.

ასევე ნახეთ

2 300 ლარით დააჯარიმა სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც "აგენტების კანონის" მიღების დღეს პარლამენტთან დააკავეს და სცემეს