"მადლობა ბრძოლისთვის!" - შაბათის მარში საპატიმროში მყოფებს მიეძღვნა; სოლიდარობა გამოუცხადეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს

25 აპრილს, უწყვეტი აქციების 514-ე დღეს, კვლავ გაიმართა შაბათის მარში.

“თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის!” – თბილისში, ტრადიციული შაბათის მარში გაიმართა. აქცია/მსვლელობის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ, რომელთა ოჯახებიც უწყვეტ აქციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მართავენ.

25 აპრილს, უწყვეტი აქციების 514-ე დღეს, მარში ეძღვნებოდა პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებს, რომლებსაც სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ. მსვლელობას წინ სწორედ მათი ოჯახის წევრები მიუძღოდნენ.

მათ დაკავებული ჰქონდათ საავტომობილო გზის ნაწილი.

“მიეცით ბავშვებს წამალი!” - აქცია/მარშზე კვლავ ჩანდა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი პლაკატები. სწორედ მათ მიმართ სოლიდარობას მიეძღვნა წინა შაბათის მარში - 18 აპრილს.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მართავენ. 25 აპრილს, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ აქცია/მარშის მონაწილეებიც, მას შემდეგ რაც გაიარეს ჩვეული მარშრუტი - ფილარმონიიდან, რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობამდე.


აქცია/მარშის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად

"მიეცით ბავშვებს წამალი!" - ისმოდა შეძახილები მთავრობის ადმინისტრაციასთან.

"ეს არის ბრძოლა, რომ უსამართლობა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ნორმალური სასამართლო ეღირსოს ამ ქვეყანას; ეს არის ბრძოლა ყველა მოწყვლადი ჯგუფისათვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება და ეს არის ბრძოლა ყველა ბავშვისათვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება და განსაკუთრებით - აი, ამ მოწყვლადი ჯგუფისთვის - რომელთა მშობლები წამლისათვის უკვე თვეებია იბრძვიან", - განაცხადა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ტატო ქელბაქიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან.

შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული.

ბოლო დღეებში, უწყვეტი აქციის მონაწილეები მუდმივად მიდიან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრებთან, რომლებსაც, პროტესტის ფარგლებში, პოლიციამ სკვერში, არც კარვის გაშლის შესაძლებლობა მისცა და არც ე.წ. პუფები შეატანინა.

უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელი შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.