უცნობმა კაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ჯეი დი ვენსი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ოფიცერს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა და კარგ მდგომარეობაშია.
„ეს ირანში ომის მოგებაში ხელს არ შემიშლის. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე კავშირი, ნამდვილად არ ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რაც ვიცით“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
ეჭვმიტანილი დაკავებულია
სავარაუდო თავდამსხმელად სამართალდამცავმა ორგანოებმა 31 წლის კოულ ტომას ალენი დაასახელეს, რომელიც ლოს-ანჯელესის რაიონში ცხოვრობს. ოფიციალური პირების ცნობით, ის, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.
პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, კოულ ტომას ალენი სასტუმრო „ჰილტონის“ სტუმარი იყო.
სავარაუდო თავდამსხმელი
კოლუმბიის ოლქის პროკურორმა ჯანინ პირომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცს ბრალს წაუყენებენ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვის:
„ცხადია, რომ ამ პირს განზრახული ჰქონდა რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება“.
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ვახშამი
ღონისძიება 1921 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება. ვახშამს ესწრებიან მაღალჩინოსნები, ჟურნალისტები და სამოქალაქო პირები.
როგორც წესი, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტები, საკუთარი უფლებამოსილების ვადაში, ერთხელ მაინც ესწრებიან ხოლმე ასოციაციის ვახშამს.
პრეზიდენტის რანგში ტრამპი ამ ღონისძიებას პირველად ესწრებოდა. ის ამ ვახშამზე არ მისულა არც პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს და არც გასულ, 2025 წელს.
წლევანდელი ღონისძიება, რომელსაც დაახლოებით 2600 ადამიანი ესწრებოდა, ამ სროლის შემდეგ გადაიდო.