აბას არაყჩი ომანის სულთანს შეხვდა, მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

ომანის სულთანის ჰაითამ ბინ ტარიკ ალ საიდის შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან. 26 აპრილი, 2026 წელი

ომანის სულთანმა, ჰაითამ ბინ ტარიკ ალ საიდიმ, მასკატში უმასპინძლა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაყჩის. მათ სიტუაცია რეგიონში და ირანის ომის დასრულებისკენ მიმართული შუამავლობის მცდელობები განიხილეს, იტყობინება 26 აპრილს ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის შუამავლობით მოლაპარაკების ფარგლებში ბოლო შეხვედრა არ შედგა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა თავისი წარგზავნილების დაგეგმილი ვიზიტი პაკისტანში.
ტრამპმა განაცხადა, რომ „არაფრისთვის ჯდომას“ აზრი არ აქვს ჰქონდა და უარყო თეირანის პოზიცია მოლაპარაკებაზე.

„მათ მოგვაწოდეს დოკუმენტი, რომელიც უკეთესი უნდა ყოფილიყო. საინტერესოა, რომ მაშინვე, როდესაც უარი ვთქვი მასზე, 10 წუთში, მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესი იყო“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს დეტალების დაზუსტების გარეშე.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი შაბათს პაკისტანში გაემგზავრებოდნენ ირანთან მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავდა „შეთანხმებისკენ“ გადასვლას, მაგრამ ტრამპმა მოგვიანებით Fox News-ს განუცხადა, რომ მან ვიზიტი გააუქმა.

„ჩვენ ყველა კარტი გვაქვს. მათ შეუძლიათ დაგვირეკონ ნებისმიერ დროს, მაგრამ თქვენ აღარ აპირებთ 18-საათიანი ფრენების განხორციელებას არაფერზე სასაუბროდ“, - თქვა ტრამპმა.
ცალკე კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა გაუქმება საომარი მოქმედებების განახლებას, ტრამპმა უპასუხა: „არა, ეს ამას არ ნიშნავს. ჩვენ ჯერ არ გვიფიქრია ამაზე“.

26 აპრილს ვაშინგტონში თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილისას, მოხდა ინციდენტი, როცა შეიარაღებული პირი დააკავეს. სადილზე ტრამპთან ერთად აშშ-ის სხვა მაღალი რანგის პირები იმყოფებოდნენ. ტრამპმა, რომელიც დაცვამ მომხდარის ადგილს გაარიდა, განაცხადა, რომ მისი აზრით, ინციდენტი ირანთან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ ეს მას „ომის მოგებაში“ ხელს არ შეუშლის.”

ირანმა განაცხადა, რომ ომანში შეხვედრების შემდეგ არაყჩი პაკისტანში დაბრუნდებოდა, სანამ რუსეთში გაემგზავრებოდა აშშ-სა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკისტანში თავისი წინანდელი ვიზიტი „ძალიან ნაყოფიერად“ შეაფასა, თუმცა ვაშინგტონის განზრახვების მიმართ სკეპტიციზმი გამოხატა.
„ჯერ არ ჩანს, ნამდვილად სერიოზულად უდგება თუ არა აშშ დიპლომატიას“, - თქვა მან.
ირანის ომის დაწყების შემდეგ თეირანის მიერ ნავთობისა და გაზის ამ მნიშვნელოვანი საზღვაო-სატრანსპორტო გზის გადაკეტვა მთავარი თემაა მოლაპარაკებისა.

აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ აუკრძალა ირანის გემებს მოძრაობა, რის საპასუხოდ, ირანი არ ხსნის სრუტეს, რაც უზარმაზარ ზარალს იწვევს მთელი მსოფლიოს ეკონომიკებისთვის.

ჰორმუზის სრუტე ირანის და ომანის ტერიტორიულ წყლებზე გადის და მასზე მოძრაობა, საერთაშორისო შეთანხმებების გარდა ამ ორი ქვეყნის ხელშეკრულებები განსაზღვრავს.