ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ 26 აპრილს პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალი.

ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ღაზაში კვლავ ყოველდღიური ძალადობაა, რადგან ისრაელის თავდასხმები გრძელდება და როგორც ისრაელის სამხედროები, ასევე ჰამასი (აშშ-სა და ევროპის კავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში.

„სამი მოწამე და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა საოკუპაციო ძალების თავდასხმების შედეგად ქალაქ ღაზაში და ხან-იუნისში“, - განაცხადა სააგენტომ, რომელიც ჰამასის დაქვემდებარებაში მოქმედებს, როგორც სამაშველო სამსახური.

სააგენტოს ცნობით, ორი კაცი დაიღუპა, როდესაც ისრაელის დრონმა რაკეტით „მოქალაქეების ჯგუფს დაარტყა“ ქუვეითის წრიულ გზაჯვარედინთან ახლოს, ქალაქ ღაზაში, ზეითუნის უბანში.

ღაზის ალ-შიფას საავადმყოფომ დაადასტურა, რომ ცხედრები მიიღო.

ცალკე ინციდენტისას, ხან-იუნისში დაიღუპა ქალი, რომელსაც ისრაელის ძალებმა ესროლეს. სააგენტოს ცნობით, მისი ცხედარი ნასერის საავადმყოფოში გადაასვენეს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათთვის უცნობია ხან-იუნისში ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული რაიმე ინციდენტი და დასძინეს, რომ ისინი ეცნობიან ინფორმაციას ორი მამაკაცის სიკვდილის შესახებ.

ოქტომბრის ზავმა დიდწილად შეაჩერა ღაზის ომი, რომელიც ჰამასის 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

თუმცა ძალადობა კვლავ გრძელდება, ღაზის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც ჰამასის მმართველობის ქვეშაა და რომლის მონაცემებსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სანდოდ მიიჩნევს, ზავის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სულ ცოტა, 811 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ღაზაში ზავის დაწყებიდან ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა.

AFP--ის სააგენტოს თანახმად, მედიის შეზღუდვები და ღაზაში შეზღუდული წვდომა ჟურნალისტებს ხელს უშლის დაღუპულთა რაოდენობის დამოუკიდებლად გადამოწმებაში ან საბრძოლო მოქმედებების თავისუფლად გაშუქებაში.

ასევე ნახეთ

ისრაელის ჯარმა ღაზაში 11 პალესტინელი იმსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, აცხადებენ მედიკოსები