პოლონურ საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთაშორისო მაუწყებლობის ფარგლებში აქვს რამდენიმეენოვანი პროგრამა, მათ შორის სომხურ და რუმინულ ენებზე.
„პროგრამა გთავაზობთ სანდო რეპორტაჟებს, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას“, - წერს სამინისტრო.
პროგრამაზე იმუშავებენ ქართველი ჟურნალისტები: ნათია კობერიძე, რატი მუჯირი და სოფიო ნაცვლიშვილი.
ნათია კობერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროგრამა, რომელზეც კოლეგებთან ერთად იმუშავებს 18-წუთიანი იქნება და ყოველ სამუშაო დღეს (საქართველოს დროით 22:00 საათზე) დაიდება YouTube არხზე, მოგვიანებით კი გადაიცემა ტელეეთერითაც.
„ეს არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, რომ პოლონურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეგიონში, სადაც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების გამოწვევებია, შესთავაზოს ალტერნატიული თავისუფალი მედია პლატფორმა“, - ამბობს კობერიძე.