აშშ განიხილავს ირანის უახლეს წინადადებას ომის დასრულების შესახებ, თეირანს ბირთვული საკითხის გადადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 აპრილს თავის მთავარ მრჩევლებთან ერთად განიხილა ირანის ახალი წინადადება ომის დამთავრების შესახებ.

ირანულმა წყაროებმა ორშაბათს გაამჟღავნეს თეირანის უახლესი წინადადება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის განხილვის გვერდზე გადადებას გულისხმობს მანამ, სანამ ომი არ დასრულდება და სპარსეთის ყურიდან გადაზიდვებთან დაკავშირებული დავები არ
მოგვარდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანი ცდილობს დროის მოგებას. „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ისინი დაუსჯელი დარჩნენ“, - თქვა მან Fox News-თან ინტერვიუში.

„ისინი ძალიან კარგი მომლაპარაკებლები არიან. ისინი ძალიან გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც დაიდება, აუცილებლად ხელს შეუშლის მათ ბირთვული იარაღისკენ სწრაფვაში ნებისმიერ მომენტში“, - თქვა რუბიომ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამ შაბათ-კვირას გამოაცხადა, რომ გააუქმა სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და სიძის, ჯარედ კუშნერის ვიზიტი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი შაბათ-კვირას ორჯერ იმყოფებოდა.

არაყჩი ასევე ეწვია ომანს და ორშაბათს კი - რუსეთს, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და დიდი ხნის მოკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო.
ამის ფონზე ნავთობის ფასებმა ორშაბათს კვლავ განაახლა ზრდა და ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია.

ომის დაწყებიდან ირანმა ძირითადად დაბლოკა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა, გარდა საკუთარი გემებისა. ზავის დადების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ირანულ გემებს დაუწესა ბლოკადა.

ორშაბათს X.com-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის მიერ ირანთან დაკავშირებული ტანკერების დაკავება, როგორც „ღია ზღვაში მეკობრეობისა და შეიარაღებული ძარცვის აშკარა ლეგალიზაცია“.

Kpler-ის გემების თვალთვალის მონაცემებისა და SynMax-ის თანამგზავრული ანალიზის თანახმად, ომამდე ყოველდღიურად 125-დან 140-მდე გემი კვეთდა სრუტეს, მაგრამ ბოლო დღის განმავლობაში მხოლოდ შვიდმა შეძლო ამის გაკეთება.